ზალუჟნი: ძალიან გვიჭირს მაგრამ ვდგავართ, ახალი შეიარაღება გვჭირდება

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ვალერი ზალუჟნიმ კიდევ ერთხელ შეახსენა დასავლელ მოკავშირეებს, რომ უკრაინის შეიარაღების მიწოდების დაყოვნება დაუშვებელია. 

"ჩვენ ძალიან გვიჭირს, მაგრამ ჩვენ ვდგავართ. ფრონტის ყოველი მონაკვეთისთვის ვიბრძვით, ვიბრძვით თითოეული დასახლებული პუნქტისთვის. ჩვენი მიწიდან მტრების განდევნაში ჩვენ დასავლური შეიარაღება გვეხმარება. 

ჩვენ მადლიერები ვართ მოწოდებული საერთაშორისო ტექნიკური მხარდაჭერისთვის. ამავდროულად, ჩვენ ძალიან გვჭირდება შორ რადიუსზე მოქმედი შეიარაღება და ამ შეიარაღების მოწოდების შეყოვნება არ შეიძლება. რადგანაც ამის ფასი დაკარგული სიცოცხლეებით იზომება - იმ სიცოცხლეების, რომლებიც მსოფლიოს რაშიზმისგან იცავენ." - წერს ზალუჟნი. 

ბოლო ცნობები ფრონტის ხაზიდან

დონბასი

ვითარება რთულია ლუჰანსკში, სადაც უკრაინის შეიარაღებული კვლავ ინარჩუნებენ სევერდონეცკს, თუმცა ქალაქს საოკუპაციო ძალები პრაქტიკულად ყოველდღიურად უახლოვდებიან. ლუჰანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის თქმით, ამ მომენტისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალები ლუჰანსკის მხოლოდ 5%-ს აკონტროლებენ. ჯერ კიდევ 15 მაისს ჰაიდაი ამბობდა, რომ უკრაინელების კონტროლქვეშ ლუჰანსკის 10% იყო. 

სხვადსახვა ცნობებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილმა დატოვა სევეროდენცკთან მდებარე კიდევ ერთი პატარა ქალაქი ლიმანი. გასული დღე-ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის დამაკავშირებელ გზაზე, რამდენიმე დასახლება აიღეს. 

ეს გზა ამ დროისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა - მას უკრაინელები სიცოცხლის გზასაც უწოდებენ. სწორედ ამ გზის 25 კილომეტრიანი მონაკვეთი რჩება რუსეთს, რომლის დაკავების შემდეგაც ალყა საბოლოოდ შეიკვრება. გუშინვე უკრაინელი სამხედრო ჟურნალისტი იური ბუტუსოვი წერდა, რომ გზა საოკუპაციო ძალებმა დაბლოკეს, თუმცა ეს ინფორმაცია სერჰი ჰაიდაიმ უარყო და განაცხადა, რომ ქალაქში ამ გზით ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა მოხერხდა. 

სხვადასხვა მონაცემებით, სევეროდენცკის მიმართულებით რუსეთის 25 ბატალიონ-ტაქტიკური დაჯგუფება იბრძვის, რომელთა საერთო რიცხოვნობა 13 ათასს აღემატება. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, აქ ერთ უკრაინელ ჯარისკაცზე 20 რუსი ოკუპანტი მოდის. 

აქ ჯერჯერობით გაურკვეველია როგორ მოიქცევიან რუსები - ჯერ შეეცდებიან მომარაგების ხაზის დაბლოკვას და შემდეგ ქალაქის შტურმს თუ - პირიქით.

ჯერჯერობით რთული სათქმელია რა გადაწყვეტილებას მიიღებს ЗСУ-ც - მოწინააღმდეგის რიცხობრივი უპირატესობის გათვალისწინებით აქ შესაძლოა უკრაინელებმა ალყაში მოქცევის რისკს სტრატეგიული უკან დახევა არჩიონ - მსგავსად მოიქცნენ უკრაინელები, როდესაც მათ რამდენიმე დღის წინ ქალაქი სვიტლოდარსკი დატოვეს. 

დონბასის ფრონტზე ნებისმიერი წინსვლა რუსეთს ზაპოროჟიის, დონეცკისა და ხარკოვის მიმართულებით შეტევის შენელების ფასად უჯდება. რუსეთს სევეროდონეცკის მიმართულებით გადმოჰყავს სხვა დანაყოფები. 

ხარკოვი

რუსეთის არმია აგრძელებს ხარკოვის შემოგარენის მძიმე არტილერიულ დაბომბვებს ქალაქის ჩრიდილოეთით, მათ მიერ კონტროლირებადი ბოლო ტერიტორიიდან. ბრძოლები გაგრძელდა ტერნოვას დასახლებისთვის, რომელიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ცოტა ხნის წარმატებული კონტრ-შეტევის შედეგად დაიბრუნეს. ამ მიმართულებით რუსეთის არმიას გასული დღე-ღამის განმავლობაში წარმატებული შეტევა არ განუხორციელებია. 

იზიუმის მიმართულება, რომელიც რუსეთის ჩანაფიქრის მიხედვით, შეტევის ერთ-ერთი მთავარი ხაზი უნდა ყოფილიყო, ბოლო კვირებში უფრო მეტად თავდაცვის ცენტრად გადაიქცა. სწორედ იზიუმის დაჯგუფების გამოყენებით და გადაჯგუფებით ცდილობს რუსეთი ამ მიმართულებით უკრაინული კონტრ-შეტევების შეჩერებას. 

სამხრეთი

ამ მიმართულებით საოკუპაციო ძალები კვლავ ცდილობენ ტაქტიკური პოზიციების გაუმჯობესებას. გასული დღე-ღამის განმავლობაში ამ მიმართულებით რუსებმა გააძლიერეს საავიაციო და სარაკეტო შეტევები. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ წარმატებული სარაკეტო შეტევა მიიტანეს მოტორ სიჩის საავიაციო ძრავების მწარმოებელ ქარხანაზე. 

ქალაქ ზაპოროჟიაზე განხორციელებული შეტევები, დიდი ალბათობით, მიზნად ისახავს უკრაინის საოპერაციო და ლოჯისტიკური ცენტრის განადგურებას - არსებული ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ფრონტის საოპერაციო ცენტრი სწორედ ზაპოროჟიეშია. სარაკეტო შეტევები გაგრძელდა მიკოლაივის, კრივოი როგისა და დნეპროპეტროვსკის მიმართულებით. 

მსგავსი სიახლეები