ზარიფი ბირთვულ ობიექტზე თავდასხმის შესახებ: შურს ვიძიებთ სიონისტებზე
ირანის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ნათანზის ბირთვულ ობიექტზე მომხდარი ავარიის უკან ისრაელი დგას და ირანი აუცილებლად იძიებს შურს მომხდარის გამო. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა განაცხადა.
"სიონისტებს სურთ სანქციების გაუქმების მიმართულებით ჩვენს მიერ მიღწეული წარმატების გამო შური იძიონ, მათ საჯაროდ განაცხადეს, რომ არ დაუშვებენ ამას, მაგრამ ჩვენ შურის ვიძიებთ სიონისტებზე",- განაცხადა ზარიფმა. ზარიფის ციტატას სააგენტო Reuters ავრცელებს.
ზარიფის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მომხდარს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული უწოდა.
საუბარია 11 აპრილის დილით, ირანის უმსხვილეს ბირთვულ ობიექტზე მომხდარ ავარიაზე, რომლის უკანაც, სავარაუდოდ, ისრაელი იდგა.
ირანმა ნათანზის კომპლექსზე განხორციელებული შეტევის შესახებ ინფორმაცია მომხდარიდან რამდენიმე საათში გაავრცელა. ირანის ატომური ენერგიის სააგენტოს სპიკერმა, ბეჰრუზ კამალვანდიმ განაცხადა, რომ შეტევის შედეგად ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა მთელი კომპლექსი, რომელზეც ურანს ამდიდრებენ. კამალვანდის თქმით, შეტევის შედეგად არ არიან დაშავებულები და არ არსებობს რადიაციული დაბინძურების საფრთხე. ირანის ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელმა ალი მომხდარს "ბირთვული ტერორიზმის აქტი" უწოდა და განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა საბოტაჟს.
პარალელურად, მთელი ღამის განმავლობაში, ისრაელის ბეჭდვითი მედია წერდა, რომ ნათანზის ობიექტზე კიბერშეტევა განხორციელდა, რომლის ორგანიზატორიც მოსადი იყო.
საყურადღებოა, რომ შეტევა ნათანზის ობიექტზე, სწორედ იმ დროს განხორციელდა, როდესაც ვენაში აშშ-სა და ირანს შორის 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებასთან დაბრუნების საკითხს განიხილავენ. საინტერესოა ისიც, რომ შეტევის მომენტში ისრაელში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდი ოსტინი.
მოსადი ტრადიციულად უარს ამბობს საკითხის კომენტირებაზე და გავრცელებულ ხმებს არც უარყოფს და არც ადასტურებს.
ჯერჯერობით კვლავაც უცნობია თუ კონკრეტულად რა მოხდა ირანის ბირთვულ ობიექტზე, თუმცა კიბერ შეტევის გარდა, გაჩნდა სხვა ვერსიებიც. New York Times აშშ-ის სპეცსამსახურებში თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ნათანზის ობიექტზე ადგილი ჰქონდა აფეთქებას, რომელმაც სრულად გაანადგურა ბირთვული კომპლექსის ელექტრომომარეგების სისტემა და მიწისქვეშ არსებული ცენტრიფუგები, რომელთაც ურანის გასამდიდრებლად იყენებენ.
გამოცემის ინფორმაციით, აფეთქებამ ირანის ბირთვულ პროგრამას სერიოზული ზიანი მიაყენა და სიმძლავრეების აღსადგენად ირანს სულ ცოტა 9 თვე დაჭირდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ნათანზის ობიექტზე მომხდარი საგრძნობლად ასუსტებს ირანის პოზიციებს აშშ-სთან მოლაპარაკებების პროცესში.
მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანში ოფიციალურად აცხადებდნენ, რომ ისინი მაქსიმალურად დააჩქარებდნენ ბირთვულ პროგრამას და გაზრდიდნენ ურანის გამდიდრების მაჩვენებელს, მანამ სანამ არ გაუქმდებოდა პრეზიდენტ ტრამპის მიერ ირანისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები.
ისრაელს, რომელიც ირანს მთავარ საფრთხედ აღიქვამს, ადრეც განუხორციელებია შეტევები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. მოსადი ირანის ბირთვული ამბიციების შესაჩერებლად სხვადასხვა ტაქტიკას იყენებდა, მათ შორის კიბერშეტევებს და წამყვანი მეცნიერების მკვლელობებს. მიჩნეულია, რომ სწორედ ისრაელი იდგა რამდენიმე წამყვანი ირანელი ბირთვული მეცნიერის მკვლელობის უკან, მათ შორის გასული წლის ნოემბერში, როდესაც ავტომობილით მგზავრობის დროს ირანის წამყვანი ფიზიკოსი მოჰსენ ფახრიზადე მოკლეს.
საგულისხმოა ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ ქვეყანაში ახალი, გაუმჯობესებული ცენტრიფუგების შექმნის შესახებ განაცხადა, რომელთა შეშვეობითაც ურანს გაცილებით უფრო სწრაფად გაამდიდრებენ. საყურადღებოა ისიც, რომ დაახლოებით 1 წლის წინ, იმავე ბირთვულ ობიექტზე სერიოზული ხანძარი გაჩნდა, რომლის მიზეზიც დღემდე უცნობია. მაშინ ირანის ატომური პროგრამის ლიდერები ამბობდნენ, რომ ხანძარს სერიოზული პრობლემები არ მოჰყოლია, თუმცა მოგვიანებით, მათი აღიარეების მიხედვით, მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად რამდენიმე თვიანი მუშაობა დაჭირდათ.
სწორედ ნათანზის კომპელქსში მდებარეობს ირანის ატომური პროგრამისთვის უმნიშვნელოვანესი, ურანის გამდიდრების საწარმო. მიმდინარე წლის მარტში ირანმა ურანის გამდიდრება განახლებული და უფრო დახვეწილი IR-4-ის ტიპის ცენტრიფუგებით დაიწყო. ინფორმაცია ამის შესახებ დაადასტურა საერთაშორისო ატომურმა სააგენტომაც.