ზელენსკი: ჩვენ ბახმუტს და კიდევ ორ ქალაქს გავათავისუფლებთ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვაშინგტონში ამერიკელ რედაქტორებთან დისკუსიისას განაცხადა, რომ თავდაცვის ძალები აპირებენ რუსების მიერ ოკუპირებული ბახმუტის და კიდევ ორი ქალაქის გათავისუფლებას.
ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
"ვფიქრობ, ბახმუტის და კიდევ ორი ქალაქის დეოკუპაციას შევძლებთ." - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა უარი თქვა იმ ქალაქების დასახელებაზე, რომელთა გათავისუფლებასაც ისინი აპირებენ.
"მე არ ვიტყვი რომელ ქალაქებს, უკაცრავად. და ამიტომ გვაქვს გეგმა. ძალიან, ძალიან ყოვლისმომცველი გეგმა," - თქვა ზელენსკიმ.
კონტექსტი
18 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ ბახმუტის მიმართულებით გამართულ ბრძოლებში რუსეთის ფედერაციის ზოგიერთი ყველაზე გაწვრთნილი ქვედანაყოფი დამარცხდა და დაკარგა საბრძოლო უნარი: 72-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა, 31-ე და 83-ე ცალკეული საჰაერო სადესანტო ბრიგადები. ამის მიუხედავად, მტერი არ წყვეტს დაკარგული პოზიციების დაბრუნების მცდელობებს.
20 სექტემბერს ბრიტანულმა დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი კვლავ აკონტროლებს რკინიგზას კლეშჩეევკას მახლობლად, მაგრამ მისი თავდაცვა ბახმუტთან, სავარაუდოდ, დასუსტებულია, ხოლო უკრაინის თავდაცვის ძალები სამხრეთიდან უახლოვდებოდნენ ბახმუტის მომარაგების გზას.
21 სექტემბერს, აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ილია ევლაშმა განაცხადა, რომ ბახმუტ-გორლოვკას გზატკეცილი უკვე უკრაინის თავდაცვის ძალების საცეცხლე კონტროლის ქვეშაა, ამიტომ ამ მიმართულებით რუსული ქვედანაყოფების მომარაგება მნიშვნელოვნად გართულდება.