ზელენსკი: რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ყველა იმ ბოროტებაზე, რაც უკრაინაში მოიტანა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებულ შტატებს უკრაინაში რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების გამოძიებაში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ზელენსკიმ 23 ივნისს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.
"მადლობელი ვარ ბატონი ელი როზენბაუმის მზადყოფნისთვის, შეუერთდეს სამართლიანობის დამყარებას - ის არის ერთ-ერთი ამერიკელი გამომძიებელი, რომელმაც მოახერხა ბევრი ნაცისტის გამოვლენა. ჩვენი ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი უნდა იყოს მაქსიმალურად ძლიერი, რომ არცერთი რუსი დამნაშავე არ გაექცეს სასჯელს", - განაცხადა ზელენსკიმ.
"ისევე, როგორც 1939 წლის 1 სექტემბერი და 1941 წლის 22 ივნისი დასრულდა ნიურნბერგის ტრიბუნალით, უნდა დასრულდეს სამართლიანად. 2022 წლის 24 თებერვალიც უნდა დასრულდეს ტრიბუნალით, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ყველა იმ ბოროტებისთვის, რაც მან უკრაინას მოუტანა", - აღნიშნა ზელენსკიმ.
"შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში სამხედრო დანაშაულების გამოძიების ჯგუფი შექმნა," - განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა 21 ივნისს უკრაინაში ვიზიტისას.
გარლანდის თქმით, ადამიანის უფლებებისა და ომის დანაშაულების გამოძიების ექსპერტთა პანელს უხელმძღვანელებს დეპარტამენტის ყველაზე ცნობილი ნაცისტებზე მონადირე როზენბაუმი.
აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, როზენბაუმი სააგენტოში 36 წელია მუშაობს, მანამდე ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და პოლიტიკის დირექტორი იყო. 100-ზე მეტ შემთხვევაში როზენბაუმი დაეხმარა სამინისტროს ბრალდებული ნაცისტებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაში ან მათ დეპორტაციაში.