ზელენსკი: უკრაინის სამხრეთში მთავარი მიზანი ხერსონის განთავისუფლებაა
"ჩვენ ვაგრძელებთ ზეწოლას დამპყრობლებზე ქვეყნის სამხრეთში. მთავარი მიზანია ხერსონის განთავისუფლება და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ ამ მიმართულებით", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 ივნისის ვიდეომიმართვაში.
დონბასში, მისი თქმით, "დრამატული ცვლილებები არ მომხდარა".
"ყველაზე სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს სევეროდონეცკში და ყველა ქალაქსა და დასახლებაში, როგორც ადრე. სამწუხაროდ, დანაკარგები მტკივნეულია. მაგრამ ჩვენ მედგრად უნდა ვიდგეთ. ეს არის ჩვენი სახელმწიფო. იქ დარჩენა, დონბასში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რაც უფრო მეტ ზიანს მიიღებს მტერი ზუსტად იქ, მით ნაკლები ძალა ექნებათ მათ აგრესიის გასაგრძელებლად. ამიტომ, დონბასის მიმართულება არის გასაღები, რათა განვსაზღვროთ ვინ იქნება დომინანტი უახლოეს კვირებში", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან აღნიშნა, რომ ხარკოვის რეგიონში არის "მტკივნეული დანაკარგები, სადაც რუსული არმია ცდილობს პოზიციების განმტკიცებას".
"ბრძოლები ამ მიმართულებით გრძელდება და ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება ბრძოლა, მძიმე ბრძოლა ხარკოვისა და რეგიონის სრული უსაფრთხოებისთვის", - თქვა ზელენსკიმ.