ზელენსკიმ მედვედჩუკს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილ ოთხ დეპუტატს მოქალაქეობა ჩამოერთვა. ამის შესახებ 10 იანვარს "Украинская правда" წყაროზე დაყრდნობით წერს.
განკარგულების თანახმად, ესენი არიან სახალხო დეპუტატები პრორუსული პარტიიდან "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისათვის", რომელთა მანდატებიც შეჩერდა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ: ვიქტორ მედვედჩუკი, ტარას კოზაკი, რენატ კუზმინი, ასევე უფრაქციო ანდრია დერკაჩი.
გამოცემის ცნობით, ოთხივესთვის მანდატის ჩამორთმევა გეგმავს.
როგორც "ევროპული სოლიდარობის" სახალხო დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ აღნიშნა, მანდატის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება უმაღლესმა რადამ უნდა მიიღოს.
"მსგავსი ამბავი იყო [დეპუტატთან მედვედჩუკის პარტიიდან] რაბინოვიჩთან - მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ინფორმაციის შემდეგ, მას მანდატი ჩამოართვეს", - წერს პარლამენტარი.
კონტექსტი
ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინაში პუტინთან ყველაზე დაახლოებულ პირად მიიჩნევა, ვლადიმერ პუტინი მედვედჩუკის უმცროსი ქალიშვილის ნათლია.
1997-2002 წლებში ის უკრაინის სახალხო დეპუტატი და პრო-რუსული "სოციალ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერი იყო. 2002-2005 წლებში მედვედჩუკი უკრაინის პრეზიდენტის, ლეონიდ კუჩმას ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. სწორედ ამ პერიოდში დაუახლოვდა ის პუტინს.
ომის დაწყებამდე მედვედჩუკი ქვეყნის უმსხვილეს პრორუსულ პარტიას - "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისათვის" ხელმძღვანელობდა. გასულ წელს უკრაინის პროკურატურამ მედვედჩუკის წინააღმდეგ სახელმწიფო ღალატის ბრალდებით გამოძიება დაიწყო.
ომის დაწყების მომენტში მედვედჩუკი შინა პატიმრობას იხდიდა და მოსამართლის განჩინების დარღვევით 24 თებერვალს სახლიდან გაუჩინარდა.
მედვედჩუკი უკრაინულმა სპეცსამსახურებმა აპრილში დააპატიმრეს.
2022 წლის 22 სექტემბერს მედვედჩუკი უკრაინამ აზოვსტალის დამცველების მეთაურებში გაცვალეს.