ЗСУ: სიზუსტის ხარჯზე ბახმუტში მტერთან საარტილერიო პარიტეტს მივაღწიეთ

ბახმუტის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტერთან საარტილერიო პარიტეტს მიაღწიეს. 

ამის შესახებ ЗСУ-ს აღმოსავლეთ სარდლობის სპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა. 

"რა თქმა ჩვენ ვსაუბრობთ ე.წ. საარტილერიო დიეტაზე. ჩვენი არტილერისტები ამას შეგუებულები არიან და შესაბამისად ისინი მაქსიმალური სიზუსტით მოქმედებენ. ჩვენი არტილერისტები იღებენ ზუსტ კოორდინატებს დრონების ოპერატორებისგან და რეალურად მათ სიზუსტით ხარისხის გაზრდით პარიტეტს მიაღწიეს",- განაცხადა ჩერევატიმ. 

აღმოსავლეთ სარდლობის სპიკერის თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში ცენტრალურ როლს სწორედ არტილერია ასრულებს. ჩერევატი ამბობს, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის დაჯგუფებების ეფექტური მუშაობის გამო, ოკუპანტები ეფექტურად ვერ იყენებენ ავიაციას. 

კონტექსტი 

ბახმუტი მიმდინარე ომის ყველაზე ხანგრძლივი და სისხლიანი ბრძოლაა, რომელიც უკვე თითქმის 9 თვის განმავლობაში გაგრძელდა. ფრონტის ამ მონაკვეთზე უკრაინის არმიისთვის ვითარება სტრატეგიულად იანვრის დასაწყისში დასახლება სოლიდარის დაკარგვის შემდეგ გაუარესდა. 

სოლედარის დაკავებით, რუსებმა ბახმუტზე შეტევების არეა გაზარდეს. უკვე მრავალი თვეა რუსი პროპაგანდისტები და Z-ბლოგერები ბახმუტის 
"სწრაფ და გარდაუვალ" დაცემაზე საუბრობენ, თუმცა უკრაინელი მებრძოლები ამ დრომდე აგრძელებენ აქტიურ წინააღმდეგობას, როგორც გარეუბნებში, ასევე უშუალოდ ქალაქის ფარგლებში. 

ბოლო ცნობებით ოკუპანტები ბახმუტის დაახლოებით 2/3-ს აკონტროლებენ - უმძიმესი ბრძოლები გრძელდება რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე და დასავლეთ ნაწილში. 

დამოუკიდებელი წყაროების შეფასებით, ბახმუტში ორივე მხარემ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს, მაგრამ ყველა წყაროს ცნობით, დანაკარგების თანაფარდობა უკრაინელების სასარგებლოდ მეტყველებდა. 

გასულ თვეში ნატოს წევრი სახელმწიფოების სადაზვერვო უწყებები იტყობინებოდნენ, რომ ბახმუტში დანაკარგების თანაფარდობა 5:1-ზეა უკრაინის სასარგებლოდა. 

 

მსგავსი სიახლეები