15 მცდელობის შემდეგ კევინ მაკარტი კონგრესის სპიკერად აირჩიეს

14 წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მეთხუთმეტე კენჭისყრა კევინ მაკარტისთვის წარმატებული აღმოჩნდა და 216 კონგრესმენის მხარდაჭერა მოიპოვა. 

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის წინა მცდელობაზეც მაკარტიმ იმდენივე ხმა დააგროვა, თუმცა მაშინ ეს საკმარისი არ იყო. ხმათა უმრავლესობა ხმების იგივე რაოდენობით მაკარტიმ იმის შედეგად მიიღო, რომ ბოლო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო 6 რესპუბლიკელმა, შესაბამისად იგივე ხმების მეშვეობით მაკარტიმ უმრავლესობის მოპოვება შეძლო.

კონტექსტი

წარმომადგენელთა ქვედა პალატის სპიკერი აშშ-ის კონსტიტუციით განსაზღვრული თანამდებობაა. კონსტიტუციის მიხედვით ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტის შემდეგ სპიკერი ხელისუფლების მესამე პირია და წინა ორის გამოთიშვის შემთხვევაში სწორედ მასზე გადადის პრეზიდენტის უფლებამოსილება. 

სპიკერი და მისი მოადგილეები, რომლებიც სხვადასხვა კომიტეტებს უხელმძღვანელებენ განსაზღვრავენ პალატის დღის წესრიგს, ასევე განსახილველ კანონებს და რეგლამენტს, რომელმაც დებატები უნდა დაარეგულიროს. 

მაკარტის ამ თანამდებობაზე ასარჩევად 15 კენჭისყრა დაჭირდა - ეს იყო პირველი შემთხვევა 1923 წლის შემდეგ, როდესაც ქვედა პალატაში უმრავლესობის მქონე პარტიამ პირველივე ჯერზე ვერ შეძლო სპიკერზე შეთანხმება. 

თანამდებობაზე არჩევა მაკარტის უკვე მიულოცა პრეზიდენტმა ბაიდენმა და განაცხადა, რომ ის მზად არის რესპუბლიკელებთან ერთად იმუშაოს. 

 

მსგავსი სიახლეები