500 მლრდ ლენდ-ლიზი და ნატო - პომპეო თუ როგორი უნდა იყოს ტრამპის გეგმა უკრაინაზე

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის და დონალდ ტრამპის კამპანიის ყოფილი მენეჯერის ცნობით, დონალდ ტრამპის გეგმა უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებასთან დაკავშირებით ძალის პროეცირებაზე იქნება დამყარებული. 

ამის შესახებ მაიკ პომპეო და დევიდ ურბანი Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სვეტში საუბრობენ. 

სვეტში სახელწოდებით: "ტრამპის სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვის" აღწერილია თუ რა უნდა გაკეთდეს კონფლიქტის წარმატებული დასასრულისთვის. 

მაიკ პომპეო 2018-2021 წლებში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის პოსტს იკავებდა, მანამდე კი ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელობდა. ამერიკული მედიის ცნობით, ტრამპსა და პომპეოს ამ დრომდე ახლო ურთიერთობები აქვთ და მოსალოდნელია, რომ ნოემბრის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პომპეო კვლავ დაიკავებს მაღალ თანამდებობას ახალ ადმინისტრაციაში.

ცოტა ხნის წინ მაიკ პომპეო დაესწრო და სიტყვით გამოვიდა რესპუბლიკური პარტიის კონვენციაზე, რომელზეც ტრამპი პრეზიდენტობის ოფიციალურად კანდიდატად აირჩიეს. 

პომპეოსა და ურბანის აზრით საუბრები, რომ დონალდ ტრამპი გამარჯვების შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინის დახმარებას და ვლადიმირ პუტინთან უსამართლო მშვიდობაზე შეთანხმდება უსაფუძვლოა.

"არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ამგვარი კაპიტულაცია ტრამპის პოლიტიკის ნაწილი იქნება და არსებობს ბევრი მტკიცებულება, რომელიც საპირისპიროზე მეტველებს. სწორედ დონალდ ტრამპმა გააუქმა უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემაზე დაწესებული ემბარგო და კიევს ანტი-სატანკო Javelin-ის სისტემები გადასცა, რომელმაც დედაქალაქის დაცვაში ომის საწყის დღეებში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა",- წერენ ავტორები. 

ურბანი და პომპეო ხაზს უსვამენ იმასაც, რომ გასულ თვეებში დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა სპიკერ მაიკ ჯონსონს, რომელიც კონგრესში უკრაინის დახმარების პაკეტის გატანას ცდილობდა. 

"ბაიდენის ადმინისტრაციის სისუსტემ უკრაინა მიიყვანა დღევანდელ მდგომარეობამდე: სრულმასშტაბიანი ომი უკვე 2 წელზე მეტია მიმდინარეობს, დანგრეულია ქალაქები, ათასობით მკვდარი, მილიონობით ლტოლვილი და ქვეყანას არ  აქვს ომში გამარჯვებისთვის აუცილებელი საშუალებები. თეთრ სახლს არ აქვს გამარჯვების სტრატეგია, რაც ამერიკელების სამართლიან შფოთვას იწვევს" - აღნიშნავენ ავტორები. 

პომპეო და ურბანი წერენ, რომ ომის დაწყების მიზეზი ბაიდენის ადმინისტრაციის სისუსტე იყო, ხოლო დონალდ ტრამპს შეუძლია მშვიდობის აღდგენა ძალის პროეცირებით. 

ავტორების მიერ ტრამპისთვის შეთავაზებული გეგმის პუნქტები შემდგნაირად გამოიყურება: 

  • ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკული პოტენციალის გათავისუფლება, რაც კიდევ უფრო დინამიურს გახდის ეკონომიკას, შეამცირებს ენერგომატარებლების ფასებს და შესაბამისად პუტინის "სამხედრო-დანაშაულების" ბიუჯეტს; 

  • საუდის არაბეთს და ისრაელს ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის დასრულება, ეს დაასუსტებს ირანს და დაასტაბილურებს მთელ ახლო აღმოსავლეთს, მათ შორის, ღაზისს კრიზისსაც. ასევე, ეს შექმნის წინაპირობებს საუდის არაბეთისთვის შეუერთდეს ამერიკის ძალისხმევას გლობალური ენერგეტიკული ბაზრიდან რუსეთის განდევნის მიზნით; 

  • რეალური სანქციები რუსეთისთვის. ავტორების ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციის ამჟამინდელი სანქციები კარგად ჟღერს, თუმცა სინამდვილეში მათ უკან არაფერი დგას. ამის მაგალითად პოპეოსა და ურბანს იმ რუსული ბანკების ხელშეუხებლობა მოჰყვათ, რომელთა გავლითაც ხდება ანგარიშსწორება ენერგომატარებლებით ვაჭრობისას; 

  • ამერიკის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის რევიტალიზაცია. "ჩვენ უნდა დავანახოთ მოწინააღმდეგეებს, განსაკუთრებით კი ჩინეთს და რუსეთს, რომ მათ არ შეუძლიათ კონკურირება ჩვენს სამხედრო შესაძლებლობებთან, რუსეთის ეკონომიკა ტექსასის ეკონომიკაზე პატარაა"- წერენ ავტორები; 

  • ნატოს რევიტალიზაცია. ეს პუნქტი გულისხმობს ხარჯების სამართლიან გადანაწილებას, მათ შორის თავდაცვის ხარჯებზე მინიმალური ხარჯის მშპ-ს 3%-მდე გაზრდას; 

  • 500 მილიარდი დოლარის ლენდ-ლიზის პროგარამა უკრაინისთვის. ამერიკელი გადამხდელების ფულის გაგზავნის ნაცვლად ავტორები წერენ, რომ უმჯობესი იქნება, თუ კი უკრაინა ისესხებს იმდენს რამდენიც სჭირდება ამერიკული შეიარაღების საყიდლად და რუსეთის დასამარცხებლად. "სწორედ ასე ვეხმარებოდით დიდ ბრიტანეთს მეორე მსოფლიო ომის დროს და ამგვარად პუტინს გავუგზავნით სიგნალს, რომ ის ვერასდროს გაიმარჯვებს.";

  • ყველა შეზღუდვის მოხსნა უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემასა და მის გამოყენებაზე. "ეს გააძლიერებს უკრაინის პოზიციას, რაც პუტინს მიახვედრებს, რომ ომი უნდა დასრულდეს, რადგანაც გადააწყდება გაზრდილ საფასურს და აღარ ექნება წინსვლის შანსი"- წერენ ავტორები; 

პომპეოსა და ურბანის მტკიცებით, მხოლოდ ამ ნაბიჯების შემდეგ ექნება დონალდ ტრამპს შეთანხმების პირობების უზრუნველყოფის საშუალება, ხოლო თავად კონფლიქტის გადაჭრის გეგმა ავტორების მტკიცებით შემდეგნაირად გამოიყურება: 

  • ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა; 

  • უკრაინის სამხედრო პოტენციალის მკვეთრი ზრდა და გარანტიები იმისა, რომ რუსეთი აღარ დაესხმება თავს; 

  • არავინ ცნობს, ოკუპირებულ და ანექსირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად, როგორც ეს ცივი ომის დროს ბალტისპიირა სახელმწიფოების საბჭოთა ოკუპაციის შემთხვევაში იყო; 

  • უკრაინის აღდგენა ფინანსდება რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ გაყინული რეზერვებიდან მიღებული რეპარაციებით; 

  • უკრაინა უნდა გაწევრიანდეს ნატოში მაქსიმალურად სწრაფად

  • ასევე ალიანსის ფარგლებში უნდა შეიქმნას უკრაინის აღდგენის 100 მილიარდიანი ფონდი, რომელშიც აშშ-ს წილი 20%-ით იქნება განსაზღვრული დანარჩენს კი ევროპელი მოკავშირეები დააფინანსებენ; 

  • უკრაინის სწრაფი გაწევრიანება ევროკავშირში, რაც აუცილებელია ქვეყნის სწრაფი აღდგენისა და მოდერნიზაციისთვის; 

  • რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ეტაპობრივად მოიხსნება იმ შემხთვევაში თუ კრემლი შეასრულებს აღნიშნულ პირობებს, ხოლო საბოლოოდ მხოლოდ მას შემდეგ გაუქმდება, რაც უკრაინა ნატოსა და ევროკავშირის წევრი იქნება; 

"მხოლოდ ამ ნაბიჯებითაა შესაძლებელი გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფა და არა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მიღებული ნახევარზომებით",- წერენ ავტორები. 

კონტექსტი 

2022 წლის თებერვალში დონალდ ტრამპმა დაგმო რუსეთი სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, თუმცა კონტრავერსიულად. ასევე ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრობისას 2022 წლის მარტში ტრამპმა პუტინს გენიოსი უწოდა და მოიწონა მისი გეგმა. 

მოგვიანებით, ტრამპის პოზიციები რუსეთის მიმართ უფრო ხისტი გახდა - ის აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტობის დროს პუტინი მსგავს თავდასხმას ვერ გაბედავდა. 

მაისში დონორებთან შეხვედრის დროს, ტრამპმა განაცხადა, რომ დაბომბავდა მოსკოვს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა მისი პრეზიდენტობის დროს, რომ მომხდარიყო. ტრამპის თქმით, მსგავსად მოიქცევა იმ შემთხვევაშიც თუ ჩინეთი ტაივანზე შეიჭრება.

ტრამპი ამბობს, საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვების შემთხვევაში მიმდინარე ომს 24 საათში დაასრულებს, თუმცა უარს ამბობს კონკრეტიკაზე - როგორ შეძლებს ამას. 

ამასთან დაკავშირებით დასავლურ მედიაში გასულ თვეებში ტრამპის სამშვიდობო გეგმის რამდენიმე ვერსია გამოქვეყნდა. 

25 ივნისს Reuters ტრამპის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, თუ როგორი შეიძლება იყოს მათი გეგმა უკრაინაში ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით. 

გენერალ კიტ კელოგისა და ფრედ ფრიცის მიერ მომზადებული გეგმის მიხედვით, უკრაინის სამხედრო დახმარება მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგრძელდება თუ ქვეყნის ხელმძღვანელობა რუსეთთან მოლაპარაკებებს დაწყებას დათანხმდება. იმ შემთხვევაში კი თუ მოლაპარაკებების დაწყებაზე რუსეთი იტყვის უარის გეგმის მიხედვით ამერიკა გაზრდის უკრაინის სამხედრო დახმარებას. 

კელოგისა და ფრიცის გეგმა, რომლებიც ტრამპის პრეზიდენტობის წლებში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსის პოსტს იკავებდნენ მოლაპარაკებები გეგმა ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტას ფრონტის მიმდინარე ხაზებზე. 

ტრამპის მრჩეველების თქმით, მათ წარუდგინეს გეგმა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომლისგანაც დადებითი გამოხმაურება მიიღეს - "არ ვამტკიცებს, რომ ტრამპი დაეთანხმა ჩვენს გეგმას ან დაეთანხმა მის ყოველ დეტალს, მაგრამ ჩვენ ბედნიერები ვართ იმ პასუხით რაც მივიღეთ"- ამბობს გამოცემასთან საუბარში ფრედ ფრიცი. 

3 ივლისს Politico საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ტრამპის გარემოცვაში განიხილავენ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პროცესის ოფიციალურ შეჩერებას, რაც რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.

წყაროების ცნობით, ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერებაში პირველ რიგში უკრაინა და საქართველო იგულისხმება, თუმცა ეს ალიანსის შესახებ დონალდ ტრამპის გეგმის მხოლოდ ერთი ნაწილია. გარდა ამისა, წყაროების ცნობით, ტრამპი განიხილავს თუ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რა ნაწილი უნდა დარჩეს მოსკოვის კონტროლქვეშ. 

გარდა ამისა, ტრამპის გუნდში მუშაობენ ნატოს რესტრუქტურიზაციაზე - ამ ინიციატივის მიხედვით, ალიანსის ხელშეკრულების ყველაზე მნიშვნელოვანი მეხუთე პუნქტით გათვალისწინებული მხარდაჭერით ვერ ისარგებლებენ ქვეყნები, რომლებიც თავდაცვაზე მშპ-ს 2%-ზე ნაკლებს ხარჯავენ.  

21 ივლისს Daily mail-ისთვის დაწერილ სვეტში ტრამპს საკუთარი გეგმა შესთავაზა გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა. 

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერის თქმით, პირველ რაც ტრამპმა უნდა გააკეთოს ბრძოლის ველზე დასავლეთისა და უკრაინის ხელის გაძლიერებაა - კერძოდ კი მოუხსნას უკრაინას დასავლური შეიარაღების გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვები. 

ჯონსონის თქმით, აუცილებელია აღდგეს 2022 წლის 24 თებერვლის მდგომაროებით არსებული ფაქტობრივი საზღვრები, რის შემდეგაც დანარჩენი უკრაინა თავისუფალ ქვეყანად გამოცხადდება ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების უფლებით და სასურველია მაქსიმალურად სწრაფად. 

უკრაინის საკითხზე ბოლო კომენტარი დონალდ ტრამპმა 25 ივლისს გაავრცელა, მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატთან ერთად მიცემულ პირველ საერთო ინტერვიუში ტრამპმა თქვა, რომ ზელენსკის საუბარში უთხრა, რომ ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულეს. 

მსგავსი სიახლეები