Amnesty International: პანდემიის დროს სიტყვის თავისუფლებაზე წნეხი გაიზარდა
საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი აცხადებს, რომ ავტორიტარული რეჟიმები კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს სიტყვის თავისუფლების და დამოუკიდებელი მედიის ჩასახშობად იყენებენ.
გავლენიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია 2021 წლის ანგარიშში მთავრობების მიერ გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად გამოყენებულ ზომებს „უპრეცედენტოს“ უწოდებს.
„სხვადასხვა ქვეყანაში ხელისუფლება მკაცრად აკონტროლებს, თუ რა ინფორმაცია მოხვდება საჯარო სივრცეში - საბაბად კი პანდემიას იყენებს“, - წერია დოკუმენტში.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ჩინეთში, საიდანაც 2019 წლის მიწურულს პანდემია დაიწყო, 2020 წლის თებერვლისთვის 5 551 ადამიანს წაუყენეს ბრალი „მცდარი და ზიანის მომტანი ინფორმაციის გავრცელებისთვის“.
ლონდონში მდებარე ორგანიზაცია ასევე მიმოიხილავს რუსეთში მიღებულ კანონს „ყალბი ამბების“ წინააღმდეგ, რომლის ძალითაც საგანგებო მდგომარეობის დროს „მცდარი ინფორმაციის განზრახ გავრცელებისთვის“ პირებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.
Amnesty-ი საუბრობს ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში სოციალური მედიის როლზეც.
„სოციალური მედიის პლატფორმები სათანადო ძალისხმევას არ იჩენენ დეზინფორმაციის აღსაკვეთად“, - ვკითხულობთ ანგარიშში.