"არამეგობრული რეაქციის შიში"- რუსეთში საქართველოს ტურებზე ბუმი არ ფიქსირდება
მას შემდეგ რაც ვლადიმირ პუტინის განკარგულებით რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა, რუსეთის მოქალაქეებში საქართველოში მოგზაურობის მიმართ ინტერესი გაიზარდა, თუმცა ბუმი, რომელსაც ელოდნენ ჯერჯერობით არ ვლინდება.
ამის შესახებ რუსული РБК-ის მიერ მომზადებულ მასალაშია საუბარი.
გამოცემასთან საუბარში რუსი ტუროპერატორები ამბობენ, რომ პრობლემას წარმოადგენს ბილეთების მაღალი ფასები და ასევე არამეგობრული რეაქციის შიში, რომელსაც შეიძლება ტურისტები აქ გადააწყდნენ.
ერთ-ერთი ტუროპერატორის თქმით, პირდაპირ ფრენებზე ბილეთების ყიდვას ტურისტებს სიიაფის გამო კვლავ გადაჯდომით ფრენას ამჯობინებენ. გარდა ამისა, ტუროპერატორის თქმით, პრობლემას წარმოადგენს პირდაპირი ფრენების არარსებობა საქართველოს ზღვირპირა ქალაქებში.
ბუმის არარსებობის კიდევ ერთ მიზეზად რუსი ტუროპერატორები საქართველოში "არამეგობრული რეაქციას" ასახელებენ - კონკრეტულ მაგალითად კი მოსკოვიდან პირველი ფრენის შესრულების დროს თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე მიუთითებენ.
"ტურისტების ნაწილი ამან შეაჩერა და მათ შეაჩერეს ჯავშნები, განსაკუთრებით ბავშვიანმა ოჯახებმა",- ამბობს ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელი.
რუსი ექსპერტების თქმით, საქართველო კვლავ შეიძლება დაბრუნდეს რუსეთის მოქალაქეებს შორის ყველაზე პოპულარული დასვენების ადგილების ჩამონათვალში, თუმცა მიმდინარე წელს "სასწაული არ მოხდება".
კონტექსტი
საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთმა 2019 წლის 20 ივნისის ანტი-საოკუპაციო აქციების შემდეგ აკრძალა. გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს ხელისუფლების მზარი ანტი-დასავლური რიტორიკის ფონზე შეიცვალა.
გარდა ამისა, ვლადიმირ პუტინმა გააუქმა სავიზო რეჟიმი საქართველოსთვის, რომელიც კრემლის ინიციატივით 2001 წლიდან მოქმედებდა.
საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გუშინ, 26 მაისს გამოეხმაურა თავად ვლადიმირ პუტინიც - მისი თქმით, მისთვის მოულოდნელი იყო, საქართველოში განვითარებული საპროტესტო აქციები. პუტინის თქმით, ის ელოდა, რომ ყველანი მადლიერებას გამოხატავდნენ.