არგენტინის ვიცე-პრეზიდენტი სასამართლომ კორუფციაში დამნაშავედ ცნო
არგენტინის სასამართლომ ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტს, კრისტინა ფერნანდეს დე კირხნერს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სკანდალურ კორუფციულ საქმეზე.
69 წლის ფერნანდესი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში და საბიუჯეტო კონტრაქტების მოსაგებად მეგობრისთვის ხელშეწყობაში. მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის სასჯელს ციხეში მოიხდის.
ფერნანდესს აქვს გარკვეული იმუნიტეტი თავისი თანამდებობის გამო და მოსალოდნელია, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
პროკურორები 12 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდნენ და სურდათ, რომ მისთვის უვადოდ აეკრძალათ საჯარო თანამდებობის დაკავება.
ფერნანდესმა თქვა, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია და გასულ კვირას სასამართლოზე მისი ბოლო გამოსვლისას პროკურორები "მსროლელთა რაზმს" შეადარა.
მან ასევე პროკურორები ტყუილსა და ცილისწამებაში დაადანაშაულა.
პროკურორებმა განაცხადეს, რომ მისი პრეზიდენტობისას (2007-15 წლებში) მან შექმნა სქემა, რომლითაც მომგებიანი საჯარო სამუშაოების კონტრაქტებს მის მეგობრებს ქრთამის სანაცვლოდ აძლევდა.
სქემის მთავარი ბენეფიციარი ბრალდებული ბიზნესმენი ლაზარო ბაეზი იყო, სამშენებლო კომპანიის მფლობელი, რომელსაც შარშან 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ფულის გათეთრებისთვის. ფერნანდესი და ლაზარო ბაესი იმ 13 პირს შორის არიან, რომლებსაც პროკურორები "ინსტიტუციონალური კორუფციული სისტემის" მართვაში ადანაშაულებენ.
პროკურორებმა განაცხადეს, რომ მათ სამხრეთის პროვინცია სანტა კრუზში, რომელიც ფერნანდესის პოლიტიკური დასაყრდენია, დარღვევები ათობით საჯარო ტენდერში გამოავლინეს.
ბევრი სამშენებლო პროექტი არც კი დასრულებულა.
პროკურორმა დიეგო ლუჩიანმა განაცხადა, რომ ეს არის "ალბათ ყველაზე დიდი კორუფციული ოპერაცია, რომელიც ქვეყანაში ოდესმე ყოფილა". მან ასევე თქვა, რომ სავარაუდოდ ამ სქემით არგენტინის სახელმწიფო მინიმუმ $1 მილიარდით დაზარალდა.