აშშ ავღანეთიდან ჯარებს 11 სექტემბრამდე გაიყვანს
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ავღანეთიდან ჯარებს მიმდინარე წლის 11 სექტემბრამდე გაიყვანს. 11 სექტემბერს აშშ-ში ალ-ქაიდას მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტების 20 წლისთავია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Hill ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნიდან ჯარების გაყვანის გეგმა გამოცემას ადმინისტრაციის წევრებმა დაუდასტურეს. მათი თქმით, ჯარების გაყვანის პროცესი პირველი მაისიდან დაიწყება და გეგმის მიხედვით 9/11-ის წლისთავამდე ავღანეთს ბოლო ამერიკელი ჯარისკაცი დატოვებს.
"ვფიქრობთ, რომ ამ დროისთვის ავღანეთიდან ჩვენი ქვეყნისთვის მომავალი საფრთხე აღარ საჭიროების ჩვენი ჯარების ყოფნას ქვეყანაში და ომის გაგრძელებას თალიბანთან."
სავარაუდოდ, აღნიშნული გეგმის შესახებ ჯო ბაიდენი დღეს განაცხადებს. ამავე გეგმის მიხედვით გადაიწია წინა პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დასახელებულმა ვადამ. ტრამპის ადმინისტრაციის გეგმით ამერიკულ ჯარებს ავღანეთი 2021 წლის პირველ მაისამდე უნდა დაეტოვებინათ. იმის შესახებ, რომ ჯარების გაყვანა მაისამდე ლოჯისტიკური მიზეზებით ვერ მოესწრება, წინა თვეებში არაერთხელ განაცხადა ჯო ბაიდენმაც.
ამავდროულად, ბაიდენი ამბობდა, რომ იგი არ დააყოვნებდა ამერიკულ სამხედრო ნაწილებს ავღანეთში და ამერიკელი სამხედროები ქვეყანას ლოგიკურ ვადებში დატოვებდნენ.
ამ დროისთვის ავღანეთში 2 500 ამერიკელი ჯარისკაცი მსახურებს, ამერიკელი სამხედროების რიცხვი ბოლო წლებში მკვეთრად შემცირდა.