აშშ და ჩინეთი ბირთვული შეიარაღების კონტროლზე მოლაპარაკებებს გამართავენ

 

ორშაბათს გამართულ ონლაინ-შეხვედრაზე ჯო ბაიდენი და სი ძინფინგი ბირთვული შეიარაღების კონტროლის შესახებ მოლაპარაკებების გამართვაზე შეთანხმდნენ.

ბოლო დროს აშშ განსაკუთრებითაა შეშფოთებული ჩინეთში ბირთვული არსენალის ზრდის ტემპით, ისევე როგორც პეკინის მიერ ახალი, ზებგერითი შეიარაღების გამოცდით.

შეხვედრის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ლიდერი ბირთვულ საკითხებში „სტრატეგიული სტაბილურობის“ საჭიროებაზე შეთანხმდნენ.

აქამდე ჩინეთი აშშ-სთან ბირთვული შეიარაღების შემცირების თემაზე მოლაპარაკებებს არ თანხმდებოდა იმ მიზეზით, რომ აშშ-ს გაცილებით უფრო დიდი არსენალი აქვს.

გასულ კვირას პენტაგონმა განაცხადა, რომ მათი პროგნოზით ჩინეთი 2030 წლამდე ბირთვული ქობინების რაოდენობას 1000 ერთეულამდე გაზრდის.

აშშ-ს თავდაცვის უწყება აგრეთვე აცხადებს, რომ პეკინმა „ბირთვული ტრიადის“ განვითარება შეძლო, რაც ატომური შეიარაღების საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო გზებით გადატანის შესაძლებლობას გულისხმობს.

 

______________________________

სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის თანახმად, აშშ დღეს 5 550 ბირთვულ ქობინს ფლობს, რუსეთს კი 6 255 ქობინიანი მარაგი აქვს.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები