ბაიდენი: აშშ-ს და ჩინეთს შორის კონკურენცია კონფლიქტში არ უნდა გადაიზარდოს

 

 

ორშაბათს აშშ-ს და ჩინეთის პრეზიდენტებმა, ჯო ბაიდენმა და სი ძინფინგმა, ონლაინ-შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის განმავლობაში, რომელიც სამ საათზე მეტი გაგრძელდა, მხარეებმა მსოფლიოს ორ ყველაზე დიდ ეკონომიკას შორის კონსტრუქციული ურთიერთობების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

„ჩვენი, როგორც ჩინეთის და ამერიკის ლიდერების პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის კონკურენციამ, განზრახ ან უნებლიედ, კონფლიქტისკენ არ გვიბიძგოს“, - აღნიშნა ბაიდენმა.

სი ძინფინგმა ამერიკის პრეზიდენტს „ძველი მეგობარი“ უწოდა და ბაიდენს დაეთანხმა, რომ „ჩინეთმა და აშშ-მ ერთმანეთს შორის კომუნიკაცია და თანამშრომლობა უნდა გაზარდონ“.

ბაიდენის თქმით, ამერიკა "ერთი ჩინეთის" პოლიტიკის ერთგული რჩება, რაც ტაივანის არაღიარებას გულისხმობს. 

მიუხედავად ამისა, ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ "ტაივანის ყურეში დესტაბილიზაციის და სტატუს კვოს შეცვლის" მცდელობას შეეწინააღმდეგება. 

 

ბოლო დროს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ტაივანის საკითხის გამო.

პეკინი, რომელიც კუნძულს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, ტაივანზე სამხედრო ინტერვენციის შესაძლებლობაზე საუბრობს.

პეკინის ტერიტორიული ამბიციები შეშფოთების საგანს წარმოადგენს აშშ-სთვის, რომელიც წყნარი ოკეანის აუზში ჩინეთის ექსპანსიას ეწინააღმდეგება.

აშშ ჩინეთს ხშირად აკრიტიკებს ადამიანის უფლებების დარღვევების გამო ჰონგ-კონგსა და უიღურებით დასახლებულ სინძიანის პროვინციაში, რომელმაც ბოლო ხანებში არნახული მასშტაბი მიიღო.

 

მსგავსი სიახლეები