აშშ-ის საელჩო რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას წყვეტს
12 მაისიდან, აშშ-ის საელჩო რუსეთში მკვეთრად ამცირებს წარმომადგენლობის მიერ გაწეული მომსახურების რაოდენობას. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
სავარაუდოა, რომ ამის მიზეზი რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც, 23 აპრილიდან აშშ-ის საელჩოს აეკრძალა აშშ-ის გარდა სხვა ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება.
12 მაისიდან აშშ-ის საელჩო წყვეტს ყველა ტიპის ვიზების გაცემას რუსეთის მოქალაქეებისთვის გარდა საემიგრაციო და დიპლომატიური ვიზებისა. საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის ვიზის გაცემა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც საკითხი "სიკვდილსა და სიცოცხლეს ეხება."
აშშ-ის საელჩო გააგრძელებს საგანგებო სავიზო მომსახურების მიწოდებას აშშ-ის მოქალაქეებისთვის. პარალელურად საელჩო 75%-ით ამცირებს საკონსულოს პერსონალის რაოდენობას მოსკოვში. აშშ-ის საელჩო მოუწოდებს აშშ-ის მოქალაქეებს დატოვონ ქვეყანა 15 ივნისამდე.
23 აპრილს, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც "არამეგობრულ სახელმწიფოთა სიაში" შემავალი ქვეყნების წარმომადგენლობას აუკრძალა რუსეთში მყოფი უცხო ქვეყნების მოქალაქეების დასაქმება. მიღებული კანონის მიხედვით, რუსეთის მთავრობა მომავალში განსაზღვრავს ამ სახელმწიფოთა სრულ ჩამონათვალს და დაადგენს მაქსიმალურ რაოდენობას, თუ რამდენი ადამიანის დასაქმება შეეძლებათ ამ ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებს.