აშშ-მ ჩინურ კომპანიებს უიღურების რეპრესიის ხელშეწყობის გამო სანქციები დაუწესა
აშშ-ს სახელმწიფო ხაზინამ სანქციები დაუწესა ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანიებს და კვლევით ცენტრებს, რომლებიც ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ უიღურების შევიწროებას უწყობენ ხელს.
ფინანსური შეზღუდვები ჩინეთის სამხედრო სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიას და 11 სხვა ინსტიტუტს დაუწესდა.
„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტექნოლოგიებს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების რეპრესიისთვის იყენებს. ვერ დავუშვებთ, რომ ამერიკული ნედლეული, ტექნოლოგიები და ინოვაციები ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საწინააღმდეგოდ გამოიყენონ“, - განაცხადა ხაზინის მდივანმა (ფინანსთა მინისტრი) ჯინა რაიმონდომ.
ახალი შეზღუდვებით ამერიკულ კომპანიებს სანქცირებულ პირებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება ეკრძალებათ.
სანქციები ბაიდენის ადმინისტრაციის სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მუსლიმი უიღურების და სხვა ეთნიკური უმცირესობების შევიწროებას „გენოციდად“ მიიჩნევს.
პარალელურად, აშშ-ს სენატმა ორპარტიული მხარდაჭერით „უიღურების გენოციდის“ შესახებ კანონპროექტი მიიღო.
„უიღურების იძულებითი შრომისგან დაცვის“ აქტი სინძიანი პროვინციიდან აშშ-ში საქონლის ექსპორტს კრძალავს, თუ „ამერიკის მთავრობას ნათელი და დამაჯერებელი მტკიცებულება არ ექნება, რომ პროდუქციის დასამზადებლად იძულებითი შრომა არ იყო გამოყენებული“.
ცოტა ხნის წინ ვაშინგტონმა განაცხადა, რომ 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დიპლომატიურ დელეგაციას არ გაგზავნის. ოლიმპიადიაში ამერიკელი სპორტსმენები მონაწილეობას მაინც მიიღებენ.