აშშ უკრაინას ჯავშანტექნიკას და ვერტმფრენებს გადასცემს

თეთრი სახლი უკრაინისთვის ახალი სამხედრო ტექნიკის გადასაცემად ემზადება. მოსალოდნელია, რომ დახმარების ახალი პაკეტი შედგენილი იქნება აღმოსავლეთ უკრაინაში მოსალოდნელ დიდ ბრძოლებში უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებების მიხედვით. 

არსებული ინფორმაციით ახალი პაკეტის ღირებულება 750 მილიონ დოლარს გაუტოლდება. ამერიკული მედიის ცნობით, ამ პაკეტის ფარგლებში უკრაინამ შესაძლოა მიიღოს ჯავშანტექნიკა, ჰაუბიცები, დრონები, სხვადასხვა ტიპის საარტილერიო დანადგარები და ასევე ვერტმფრენები.

საუბარია Mi-17-ის ტიპის საბჭოთა წარმოების ვერტმფრენებზე. წინა წლებში ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა ამ ტიპის რამდენიმე ათეული ვერტმფრენი ავღანეთის მისიისთვის შეიძინა. 

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, შეიარაღების ტიპზე და რაოდენობაზე მსჯელობა ამ დრომდე მიმდინარეობს და შესაძლებელია გარკვეული ტიპის შეიარაღება უკრაინას შემდგომი პაკეტის ფარგლებში გადაეცეს. 

ამერიკულ მედიასთან საუბარში აშშ-ს თავდაცვის უწყების ანონიმური მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ახალი პაკეტი მორგებული იქნება დონბასში შექმნილ რეალობასთან და ომის შეცვლილ ფაზასთან. 

"ჩვენ გვსურს რუსეთი დამარცხდეს", - ამბობს გამოცემასთან საუბარში პენტაგონის მაღალჩინოსანი. 

გარდა ამისა რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ თვისობრივად განსხვავებულ სადაზვერვო ინფორმაციას მიაწვდის უკრაინას დონბასში მოსალოდნელ დიდ შეტაკებებთან დაკავშირებით. 

ასევე გაირკვა, რომ გასულ კვირას შედგა აშშ-ს გაერთიანებული შტაბების მეთაურთა კომიტეტის მდივნის, მარკ მილისა და უკრაინელი კოლეგების საუბარი, რომელშიც განხილულ იქნა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საჭირო თითოეული ტიპის შეიარაღება. 

სამხედრო ექსპერტებისა და დასავლური დაზვერვის ცნობით, მომდევნო კვირებში რუსეთის სამხედრო ძალისხმევა, კიევთან განცდილი მარცხის შემდეგ დონბასის რეგიონში იქნება კონცენტრირებული. 

მიუხედავად ამისა, ომის შესწავლის საერთაშორისო ინსტიტუტის ექსპერტების თქმით, რუსეთს დონბასში გარდამტეხი და მნიშვნელოვანი გამარჯვებისთვის საკმარისი ძალების მობილიზება ძალიან გაუჭირდება. 

ამავე ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, მომდევნო გარდამტეხი ბრძოლის ადგილი კიევის აღმოსავლეთიდან 400 კილომეტრით დაშორებული ქალაქი სლავიანსკი იქნება. სლავიანსკის აღებით რუსი ოკუპანტები დონბასის "აჯანყებულებთან" პირდაპირი დამაკავშირებელი ხაზის გაჭრას შეეცდებიან. 

საინტერესოა ისიც, რომ სწორედ სლავიანსკიდან დაიწყო რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ბოევიკების ორგანიზებით სეპარატისტული მოძრაობა აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წელს. 

მსგავსი სიახლეები