აშშ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტს რუსეთის მონაწილეობის გარეშე გეგმავს - WSJ
შეერთებული შტატები თურქეთთან, უკრაინასთან და მის მეზობლებთან, რუსეთის მონაწილეობის გარეშე, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ალტერნატიული გზების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ამ ინფორმაციას The Wall Street Journal ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემუშავებული გეგმის მიხედვით, ოქტომბრისთვის მდინარე დუნაის გავლით ყოველთვიურად ოთხი მილიონი ტონა მარცვლეულის გაგზავნა იქნება შესაძლებელი. მისი უმეტესი ნაწილი მდინარის ქვევით და შავი ზღვის გავლით, რუმინეთის ახლომდებარე პორტებამდე ჩავა, საიდანაც იგი სხვა ქვეყნებში გაიგზავნება.
WSJ წერს, რომ მართალია, მარცვლეულის ექსპორტის ეს მეთოდი უფრო ძვირი და გრძელია, ვიდრე ის დერეფანი, რომელიც "მარცვლეულის შეთანხმების" ფარგლებში გამოიყენება, მაგრამ ის შეიძლება გახდეს მისი ალტერნატივა.
ამავდროულად, გაზეთის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ვაშინგტონი განიხილავს სხვა ვარიანტებს, მათ შორის სამხედრო გადაწყვეტილებებს უკრაინის პორტებთან მომუშავე გემების დასაცავად.