ATACAMS-ების გამოყენების ნებართვის შემდეგ კრემლმა ბირთვული დოქტრინა შეცვალა
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის შორეული რაკეტების (ATACAMS) რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენების ნებართვის შემდეგ კრემლმა სახელდახელოდ შეცვალა ქვეყნის ბირთვული დოქტრინა.
გადაწყვეტილების სიჩქარეზე მეტყველებს ისიც, რომ დოქტრინაში შესაძლო ცვლილებებს ჯერ კიდევ 1 დღით ადრე უარყოფდა კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი.
განახლებული სტრატეგია დღეს დილით რუსეთის საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
განახლებულ დოქტრინაში ნათქვამია, რომ ბირთვული შეკავების სტრატეგია ამიერიდან გამოყენებული იქნება არამხოლოდ ბირთვული სახელმწიფოების, არამედ იმ არაბირთვული ქვეყნების წინააღმდეგაც, რომელთა რესურსითაც და ტერიტორიიდან ხორციელდება აგრესია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.
ახალ პუნქტებში აღნიშნულია, რომ რუსეთი დააკვალიფიცირებს მთლიანი ბლოკის აგრესიად, რომელიმე ალიანსის ცალკეული წევრის მხრიდან განხორციელებულ მტრულ ნაბიჯებს, ხოლო აგრესიას არაბირთვული სახელმწიფოს მხრიდან ბირთვული სახელმწიფოს მხარდაჭერით ორივე მათგანის კოორდინირებულ თავდასხმად.
გარდა ამისა, გაიზარდა ძირითადი სამხედრო საფრთხეების ჩამონათვალი, რომელთა გასანეიტრალებლადაც გამოიყენება ბირთვული შეკავება. ამგვარად ახალი დოქტრინით დასაშვებია ბირთვული იარაღის გამოყენება თუ პოტენციურ მოწინააღმდეგეს გააჩნია ნებისმიერი ტიპის მასობრივი განადგურების იარაღი, ასევე ამგვარი იარაღის უკონტროლო გავრცელების, რუსეთის საზღვრებთან ახლოს სამხედრო წვრთნების, მოწინააღმდეგის მიერ ეკოლოგიურად საფრთხის შემცველი ობიექტებზე დარტყმის მცდელობისა და რუსეთის ტერიტორიის ნაწილის იზოლირების მცდელობის შემთხვევაში.
ბირთვული იარაღის გამოყენების წინაპირობად დაემატა თავდასხმა ბელარუსზე, მათ შორის კონვენციური შეიარაღებითაც. ჩამონათვალს დაემატა პუნქტი, რომლის მიხედვითაც ბირთვული იარაღის გამოყენება დასაშვებია პოტენციური მოწინააღმდეგის ტაქტიკური და სტრატეგიული ავიაციის აფრენის, ან რაკეტებისა და დრონების მასირებული თავდასხმის შესახებ მიღებული "სარწმუნო ინფორმაციის" შემთხვევაში.
შეიცვალა კონვენციური შეიარაღებით განხორციელებული თავდასხმების ფორმულირებაც, რომელზე პასუხადაც რუსეთი იტოვებს უფლებას ბირთვული შეიარაღება გამოიყენოს. თუ კი წინა რედაქციაში საუბარი იყო შეტევაზე რომელიც "საფრთხეს უქმნიდა რუსეთის სახელმწიფოებრიობას", ამჯერად საუბარია შეტევებზე, რომლებიც "კრიტიკულ საფრთხეს უქმნის რუსეთისა და ბელარუსის სუვერენიტეტს, ან ტერიტორიულ მთლიანობას."
ახალ დოქტრინაში გამქრალია ასევე პუნქტი, რომელიც ითვალისწინებდა შეიარაღების კონტროლის შესახებ დაწესებული საერთაშორისო ნორმების დაცვას.
კონტექსტი
დასავლური მედიის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ უკრაინას მისცა ნებართვა, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოიყენოს ოპერატიულ-ტაქტიკური ATACAMS-ის ტიპის რაკეტები, რომელთა მოქმედების რადიუსი 300 კილომეტრს აღწევს და რომელთა გაშვება HIMARS-ის ტიპი რეაქტიული ზალპური ცეცლის დანადგარებიდან ხორციელდება.
უკრაინული მედიის ინფორმაციით რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეათასე დღეს უკრაინის არმიამ პირველად დაბომბა რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორია დასავლური რაკეტებით.
დასავლური რაკეტების რუსეთის სიღრმეში გამოყენებაზე ნებართვას ვლადიმირ პუტინი და რუსული პროპაგანდა კრემლის ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა წითელ ხაზს უწოდებდა. გასული თვეების განმავლობაში ვლადიმირ პუტინმა სამჯერ განაცხადა, რომ დასავლური შეიარაღების გამოყენება დაუშვებელი იქნება და ამას უმკაცრესი პასუხი მოყვებოდა.