ავღანეთში აშშ-სა და ნატოს ჯარების სარდალმა თანამდებობა დატოვა
აშშ-ის არმიის გენერალმა ოსტინ მილერმა, რომელიც 2018 წლიდან ავღანეთში აშშ-სა და ნატოს კოალიციური ჯარების სარდლის პოსტს იკავებდა, თანამდებობა ქაბულში გამართულ ოფიციალურ ცერემონიაზე დატოვა.
ოსტინ მილერის მიერ თანამდებობის დატოვება ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ოპერაციის დასრულების სიმბოლური აქტია. ამავდროულად, ოსტინის მიერ თანამდებობის დატოვება კიდევ ერთი ეტაპია აშშ-ის 20-წლიანი სამხედრო ოპერაციის დასრულებაში, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენის გეგმის მიხედვით მიმდინარე წლის 31 აგვისტოს უნდა დასრულდეს.
ოსტინ მილერი ამ პოსტს ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა, სარდლის პოსტი ფორმალურად ოსტინმა გენერალ კენეტ მაკკენზის გადასცა. სწორედ მაკკენზის ექნება უფლებამოსილება მოახდინოს საჰაერო შეტევების ავტორიზაცია თალიბანისა და ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ 31 აგვისტომდე.
ჯარების გაყვანის პროცესის დასრულების შემდეგ, აშშ-ის მოქმედებები მთლიანად კონტრ-ტერორისტული სტრატეგიაზე გადაეწყობა.
აშშ-ის მხრიდან ჯარების გაყვანის ფორსირებულ პროცესს თან ახლავს თალიბანის ტერიტორიული ექსპანსია. ბოლო კვირების განმავლობაში თალიბანის კონტროლის ქვეშ ქვეყნის 70-მდე რაიონი მოექცა.