Axios: ბაიდენის მრჩეველი ისრაელში ჰეზბოლასთან დიდი ომის პრევენციისთვის ჩავიდა
ჯო ბაიდენის ერთ-ერთი უფროსი მრჩეველი, ამოს ჰოშტეინი ისრაელში საგანგებო ვიზიტით იმყოფება, ვიზიტის მიზანი ჰეზბოლასა და ისრაელს შორის დიდი ომის პრევენციაა.
ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მთავრობის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, Axios ავრცელებს.
ამერიკული წყაროების ცნობით ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში მზარდი წუხულია იმასთან დაკავშირებით, რომ ისრაელის მოქმედებები ლიბანის საზღვარზე ზრდის ჰეზბოლასთან სრულფასოვანი ომის დაწყების რისკებს.
გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გასულ კვირას წერდა, რომ ისრაელის მთავრობის ზოგი წარმომადგენელი ჰეზბოლასთან ფართო რეგიონული ომისთვის პრეტექსტის შექმნას ცდილობდა. ისრაელელი მაღალჩინოსნები ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ.
ჰოშტეინის ვიზიტს წინ უძღოდა ისრაელის თავდაცვის ძალებსა და ჰეზბოლას შორის გაზრდილი კონფრონტაციის ხარისხი - კვირას, 19 ოქტომბერს ჰეზბოლამ ისრაელის ტერიტორია ერთდროულად 25 რაკეტით დაბომბა, რასაც ისრაელის საავიაციო დარტყმები მოჰყვა.
სავარაუდოა, რომ ჰოშტეინი შეხვდება ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ განალტს, სტრატეგიული გამოწვევების მინისტრს, რონ დერმერს, ისრაელის გენშტაბის უფროსს, ჰერცი ჰალევის და ნეთანიაჰუს მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ცახი ჰანეგბის.
წყაროს ცნობით, ისრაელს სურს, რომ აშშ-მ გამოიყენოს დიპლომატიური ზეწოლის ბერკეტები და ჰეზბოლას სასაზვრო ზონიდან რადვანის ელიტური დანაყოფი გააყვანინოს.
კონტექსტი
ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ, ვითარება გამწვავდა ლიბანის საზღვარზეც, რომელსაც ჰეზბოლა აკონტროლებს. ამ დროისთვის კონფლიქტი შედარებით შეზღუდულ ხასიათს ატარებს ძირითადად წერტილოვანი საარტილერიო დარტყმებით, დრონებისა და ანტი-სატანკო რაკეტებით შემოიფარგლება.
ბოლო მონაცემებით ისრაელის არმიასთან შეტაკებების შედეგად მოკლულია ჰეზბოლას 60-მდე წევრი, მსხვერპლი არის ისრაელის მხარესაც