თეთრ სახლში შიშობენ, რომ ისრაელს ჰეზბოლასთან დიდი ომის პრეტექსტის შექმნა სურს

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში შიშობენ, რომ ისრაელი ჰეზბოლასთან უკვე მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაციას ცდილობს. ეს საკითხი აშშ-ს თავდაცვის მდივანსა და მის ისრაელელ კოლეგას შორის გამართული სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. 

ინფორმაციას ამის შესახებ Axios ისრაელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

წყაროს ცნობით, იოავ გალანტთან საუბარში ლოიდ გამოთქვა აზრი, რომ ლიბანის საზღვარზე ისრაელის არმიის მოქმედებები კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას ქმნის, რამაც შესაძლოა უფრო დიდი რეგიონული ომი გამოიწვიოს. 

"ბაიდენის ადმინისტრაციის ზოგი მაღალჩინოსანი მიიჩნევს, რომ ისრაელი ჰეზბოლას პროვოცირებასა და უფრო ფართე რეგიონული ომისთვის პრეტექსტის შექმნას ცდილობს",- ნათქვამია გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაში. 

თავის მხრივ ისრაელის მთავრობის მაღალჩინოსნები კატეგორიულად უარყოფენ კონფლიქტის გაფართოების მცდელობასა და სურვილს. 

თავდაცვის მინისტრების სატელეფონო საუბრების შემდეგ ამერიკული მხარის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ "ლოიდ ისტინმა ხაზი გაუსვა კონფლიქტის ღაზის სექტორის ფარგლებში შეკავებისა და რეგიონული ესკალაციისგან თავის არიდების მნიშვნელობას."

მიუხედავად იმისა, რომ პრეს-რელიზში არ არის ნახსენები ლიბანი, წყაროების ცნობით გალანტისა და ოსტინს შორის გამართული საუბარი საკმაოდ პირდაპირი იყო - "ოსტინმა გალანტისგან ლიბანის ტერიტორიაზე ისრაელის საჰაერო დარტყმებთან დაკავშირებით განმარტება ითხოვა და მოუწოდა ისრაელს თავი აერიდებინათ ისეთი ქმედებებისთვის, რამაც პოტენციურად ესკალაციას შეიძლება შეუწყოს ხელი."

ამავე წყაროების ცნობით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ოსტინთან საუბარში განაცხადა, რომ ჰეზბოლასთან მეორე ფრონტის გახსნა არ არის ისრაელის მიზანი. ამასთანავა გალანტმა ხაზი გაუსვა, რომ ჰეზბოლა ეტაპობრივად აძლიერებს შეტევებს ისრაელის ტერიტორიაზე - "ჰეზბოლა ცეცხლს ეთამაშება."

კონტექსტი 

ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ, ვითარება გამწვავდა ლიბანის საზღვარზეც, რომელსაც ჰეზბოლა აკონტროლებს. ამ დროისთვის კონფლიქტი შედარებით შეზღუდულ ხასიათს ატარებს ძირითადად წერტილოვანი საარტილერიო დარტყმებით, დრონებისა და ანტი-სატანკო რაკეტებით შემოიფარგლება. 

ბოლო მონაცემებით ისრაელის არმიასთან შეტაკებების შედეგად მოკლულია ჰეზბოლას 60-მდე წევრი, მსხვერპლი არის ისრაელის მხარესაც. 

ბაიდენის ადმინისტრაციის გააქტიურება ამ კუთხით შესაძლოა გასულ დღეებში მომხდარ 2 ტრაგიკულ შემთხვევას უკავშირდებოდეს. 6 ნოემბერს ლიბანის ტერიტორიაზე ისრაელის საჰაერო დარტყმას მოხუცებული ქალი და მისი 3 შვილიშვილი ემსხვერპლა. დარტყმაზე პასუხისმგებლობა ისრაელის არმიამ მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ აიღო. 

უკვე 11 ნოემბერს გალანტისა და ოსტინის სატელეფონო საუბრამდე რამდენიმე საათით ადრე ისრაელმა საჰაერო დარტყმა განახორციელა ლიბანის ტერიტორიის 25-კილომეტრიან სიღრმეში. 

თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ იოავ გალანტის მუქარები ჰეზბოლას წინააღმდეგ მხოლოდ ხელს უწყობს შემდგომ ესკალაციას. კონფლიქტის გამწვავების პირველ დღეებში ისრაელის პრესა იუწყებოდა, რომ გალანტი და ისრაელის თავდაცვის ძალების რადენიმე მაღალჩინოსანი ჰეზბოლაზე პრევენციული დარტყმის იდეას განიხილავდნენ. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები