ბაიდენი: ჩინეთის ეკონომიკა ზღვარზეა
ჯო ბაიდენის თქმით, ჩინეთს სერიოზული ეკონომიკური პრობლემები აქვს და ქვეყნის გლობალური გავლენა მცირდება.
ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა TIME-ისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში განაცხადა.
ბაიდენის თქმით, ხშირად ესმის საუბრები ჩინეთის ეკონომიკურ ძლიერებაზე და მზარდ პოლიტიკურ გავლენაზე, თუმცა მისი შეფასებით ეს არ ასახავს რეალობას.
"ჩინეთის მოსახლეობა გაცილებით უფრო მოხუცია, ვიდრე ევროპული სახელმწიფოების დიდი უმრავლესობა, მოსახლეობის დიდ ნაწილს აღარ შეუძლია მუშაობა. საიდან უნდა გაიზარდოს ჩინეთის ეკონომიკა, სინამდვილეში მათი ეკონომიკა ზღვარზეა, იდეა, არსებობს იდეა, რომ ჩინეთი ეკონომიკურ ბუმს განიცდის - კარგით რა",- განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენმა გააკრტიკა ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ ინიცირებული გლობალური ინფრასქტრუქტურული პროექტი სახელწოდებით "ერთი გზა, ერთი სარტყელი." ბაიდენმა პროექტს მკვდარშობილი უწოდა და უარყო აზრი, რომ პროექტის მეშვეობით ჩინეთი გლობალურად უფრო ძლიერი სახელმწიფო გახდა.
კონტექსტი
ჩინეთის ეკონომიკა გასული წლების განმავლობაში მართლაც განიცდის გარკვეულ სირთულეებს. ქვეყნის ეკონიმიკური ზრდა განსაკუთრებით შეფერხდა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, როდესაც ქვეყანაში ყველაზე ხანგრძლივი და მკაცრი საგანგებო ზომები მოქმედებდა.
ჩინეთის ეკონომიკა ნომინალურად კვლავ იზრდება, მაგრამ უფრო მოკრძალებული ტემპით - გასულ წელს ჩინეთში თავი იჩინა უძრავი ქონების ბაზრის კრიზისმა, ასევე, მომხმარებელთა შემცირებულ ხარჯვამ, რის შედეგადაც შემცირდება სავაჭრო შეთანხმებების მოცულობა.