ბაიდენი და ობამა პენსილვანიაში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოქალაქეებს შეხვდნენ

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შაბათს პენსილვანიაში ბარაკ ობამასთან ერთად ჩავიდა და მასშტაბურ შეკრებაზე ორი დემოკრატი კანდიდატის მხარდასაჭერად მოქალაქეებს მიმართა.

ბაიდენი ფილადელფიაში სცენაზე სენატორობის კანდიდატ ჯონ ფეტერმანთან და გუბერნატორობის კანდიდატ ჯოშ შაპიროსთან ერთად ავიდა. მათ ობამაც შეუერთდათ, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აქტიურად ჩაერთო დემოკრატების კამპანიაში.

"ეს ხალხი ისეთი ხმამაღალია, ვფიქრობ, რომ ჩვენ ხმას ლატრობშიც გაიგებენ" - უთხრა ბაიდენმა მხარდამჭერებს და ტრამპის მიერ დაგეგმილ შეკრებაზე მიანიშა.

ტრამპი პენსილვანიაში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის მეჰმედ ოზის მხარდასაჭერად ჩადის, რომელიც სახელგანთქმული ექიმია და შტატის სენატორობისთვის ძალიან თანაბარ ბრძოლაშია ჩართული.

პენსილვანიას შტატში გამარჯვებამ შესაძლოა სენატში უმრავლესობის ბედიც გადაწყვიტოს, ამიტომ ამ შტატს ორივე პარტია განსაკუთრეულ ყურადღებას უთმობს.

რესპუბლიკელების კანდიდატი მეჰმეთ ოზი შტატის ვიცე-გუბერნატორ ჯონ ფეტერმანს უპირისპირდება. დემოკრატების კანდიდატს მაისში ინსულტი ჰქონდა, რის შემდეგაც მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კითხვები აქტუალობას არ კარგავს. მიუხედავად იმისა, რომ მას რამდენიმე თვის წინ არჩევნებში ღია ფავორიტად მიიჩნევდნენ, დემოკრატიული პარტიის მიმართ უკმაყოფილების ზრდის ფონზე, ეს ფაქტორი მისი გამარჯვების შანსებს კიდევ უფრო ამცირებს.

უკანასკნელი საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, პენსილვანიაში დემოკრატების და რესპუბლიკელების კანდიდატების მხარდაჭერა თითქმის თანაბარია.

მსგავსი სიახლეები