ბაიდენი უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატად შავკანიან ქალს წარადგენს

 

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თებერვლის ბოლომდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურას წარადგენს, რომელიც შავკანიანი ქალი იქნება.

83 წლის მოსამართლე სტივენ ბრეიერი ზაფხულში აშშ-ში მართლმსაჯულების უმაღლესი ორგანოს დატოვებას აპირებს.

„შემცვლელის შერჩევის პროცესი საგულდაგულო იქნება. ისეთ კანდიდატს დავასახელებთ, ვინც მოსამართლე ბრეიერის მემკვიდრეობას პატივს მიაგებს“, - აღნიშნა ბაიდენმა თეთრ სახლში ბრეიერის მიღების ცერემონიაზე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატებს შორის განიხილება კეტანჯი ბრაუნ ჯექსონი, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, რომელიც მანამდე ბრეიერის კლერკად მუშაობდა.

ფავორიტებს შორის ასევე სახელდება ლეონდრა კრუგერიც - ის კალიფორნიის შტატის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა.

ანალიტიკოსების აზრით, ბრეიერის გადადგომის შესახებ განცხადება დემოკრატებისთვის დროული აღმოჩნდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დამტკიცება აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოში მარტივი უმრავლესობით ხდება. თუმცა, მოსალოდნელია, რომ ნოემბრის შუალედურ არჩევნებში დემოკრატები სენატში ისედაც მყიფე უმრავლესობას დაკარგავენ.

ლიბერალური ხედვების ბრეიერის შემცვლელი მოსამართლე უზენაესი სასამართლოს იდეოლოგიურ შემადგენლობას ვერ შეცვლის. კონსერვატორი მოსამართლეები დღეს აშშ-ს მართლმსაჯულების უმაღლეს ორგანოში 6-3 უმრავლესობით არიან წარმოდგენილი.

მსგავსი სიახლეები