ბერლუსკონის პარტიას დროებით იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი უხელმძღვანელებს

სილვიო ბერლუსკონის პარტია Forza Italia-ს დროებით მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი უხელმძღვანელებს.

ამ ინფორმაციას ANSA ავრცელებს.

პარტია Forza Italia-ს ("წინ, იტალია")  ეროვნულმა საბჭომ 15 ივლისს ტაიანის ერთხმად დაუჭირა მხარი. ის პოლიტიკურ ძალას ახალი კონგრესის მოწვევამდე უხელმძღვანელებს.

"მარტივი არ არის იყო პოლიტიკური მოძრაობის ლიდერი, რომელსაც სილვიო ბერლუსკონი თითქმის 30 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მე შემიძლია მხოლოდ იმის გარანტია მოგცეთ, რომ ვიქნები თავდადებული და მონდომებული მისი ყველა ოცნების ასრულებისთვის," - განაცხადა ტაიანიმ.

შეხვედრის დროს პარტიის წევრებმა გარდაცვლილ ლიდერს წუთიერი დუმილის ნაცვლად, პატივი რამდენიმე წუთიანი აპლოდისმენტებით მიაგეს.

86 წლის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი 12 ივნისს მილანის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მილანში მას ათასობით ადამიანი გამოემშვიდობა.

ბერლუსკონი იტალიის სამ მთავრობას ხელმძღვანელობდა და ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქვეყანაში ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ ფიგურად მიიჩნეოდა. 

მსგავსი სიახლეები