ბოსნიელმა სერბებმა "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონი გაიწვიეს
ბოსნია-ჰერცოგოვინას სერბული რესპუბლიკის მთავრობამ სამშაბათს გაიწვია კანონპროექტი "უცხოელი აგენტების შესახებ," რომელიც მიზნად ისახავდა არაკომერციული ორგანიზაციების რეესტრის შექმნას, რომლებიც იღებენ საერთაშორისო დაფინანსებას და მათ უცხოელ აგენტებად აცხადებდა.
კანონპროექტი ევროკავშირმა გააკრიტიკა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების დაშინების ინსტრუმენტი, ხოლო კრიტიკოსები ამბობენ, რომ ის კიდევ უფრო ახშობს ხელისუფლების ოპონენტების თავისუფლებებს.
კანონპროექტი თავდაპირველად ბოსნიის სერბებთა ასამბლეის დღის წესრიგში იყო, მაგრამ ვიცე-პრემიერმა მილოშ ბუკეილოვიჩმა დეპუტატებს აცნობა, რომ მთავრობამ კანონი გაიწვია.
მან არ დააკონკრეტა გადაწყვეტილების მიზეზები.
კანონპროექტი ერთ-ერთი იყო იმ პოლიტიკური ნაბიჯებიდან, რომლებიც ბოსნიელ სერბთა პრო-რუსი ლიდერის, მილორად დოდიკის მიერ არის ინიცირებული. მისი მიზანი ბოსნია-ჰერცოგოვინადან რესპუბლიკა სპრსკას (სერბული ავტონომია) გამოყოფაა.
დოდიკმა თქვა, რომ კანონთან დაკავშირებით გარკვეული პროტესტი "ევროპულ ნორმებს" უკავშირდება.
"რადგან რესპუბლიკა სპრსკა ევროპული გზის ერთგულია, ჩვენ შევთანხმდით მის (კანონპროექტის) უკან გაწვევაზე და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის კანონებთან დამატებით ჰარმონიზაციასთან ერთად, იგეგმება მისი ევროპულ სამართლებრივ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანა." - დაწერა მან X-ზე.
დოდიკის თქმით, კანონპროექტი, რომელსაც თავდაპირველად დეპუტატებმა მხარი გასული წლის სექტემბერში დაუჭირეს, დროულად დაუბრუნდება საპარლამენტო პროცედურას.