სერბული რესპუბლიკა სრპსკა 9 იანვარს „ეროვნულ დღესასწაულს“ აღნიშნავს

ბოსნია და ჰერცეგოვინაში შემავალმა სერბულმა რესპუბლიკა - სრპსკამ 9 იანვარს - „ეროვნული დღესასწაული“ აღნიშნა.

9 იანვარს სერბული რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ცენტრ ბანია-ლუკაში საზეიმო აღლუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საპოლიციო ძალებმა მიიღეს. ცერემონიის ფარგლებში მილორად დოდიკმა სხვადასხვა პირს, მათ შორის უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს (ღონისძიებას არ ესწრებიდა), ოფიციალური ჯილდოები გადასცა.

აშშ აცხადებს, რომ 9 იანვრის აღნიშვნა ბოსნია და ჰერცეგოვინას კონსტიტუციას და 1995 წლის დეიტონის შეთანხმებას არღვევს.

ევროკომისიის პრეს-სპიკერი, პიტერ სტანომ ბოსნია და ჰერცეგოვინაში არსებულ ყველა აქტორს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, კონსტიტუციური წესრიგის, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების, პატივისცემისკენ მოუწოდა.

”ნებისმიერი ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება ამ პრინციპებს, გამოიწვევს სერიოზულ შედეგებს,” - პიტერ სტანო.

ამას გარდა, გასულ კვირას, ეუთო-მ განაცხადა, რომ სერბული რესპუბლიკის მიერ 9 იანვრის აღნიშვნა „დისკიმინაციულ ქმედებას წარმოადგენს“.

კონტექსტი

1992 წლის 9 იანვარს ბოსნია და ჰერცეგოვინაში მცხოვრებმა სერბებმა საკუთარი რესპუბლიკა შექმნეს, რამაც ქვეყანა ოთხწლიან სისხლისმღვრელ ომამდე მიიყვანა. კონფლიქტის მიმდინარეობისას ეთნიკურმა სერბებმა მუსლიმი ბოსნიელებისა და კათოლიკე ხორვატების დევნა დაიწყეს, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

1992-1995 წლების ომი დეიტონის სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ტერიტორიაზე ორი ერთეული სერბული რესპუბლიკა - სრსპკა და ბოსნიურ-ხორვატული ფედერაცია შეიქმნა. თითოეულ სუბიექტს საკუთარი ასამბლეა და მთავრობა ჰყავს, რომლებსაც სახელმწიფო დონის საკანონმდებლო ორგანო და მინისტრთა საბჭო ზედამხედველობს. ბოსნია და ჰერცეგოვინის პარლამენტი ორპალატიანია - წარმომადგენელთა პალატა 42, ხოლო სახალხო პალატა 15 წევრისგან (ხუთი ბოსნიელი, ხუთი ხორვატი და ხუთი სერბი) შედგება. აღმასრულებელ ხელისუფლებას სამი წევრისგან (ბოსნიელი, სერბი და ხორვატი) შემდგარი პრეზიდიუმი წარმოადგენს, რომლებიც ერთმანეთს 8 თვეში ერთხელ, როტაციის პრინციპით, ენაცვლებიან.

წლებია, რაც ბოსნია და ჰერცეგოვინაში შემავალი სერბული რესპუბლიკის ლიდერი, მილორად დოდიკი სრპსკას ბოსნიიდან გასვლას და აღნიშნული ტერიტორიის სერბეთთან გაერთიანებას უჭერს მხარს.

მსგავსი სიახლეები