ბრაზილიაში წვიმამ და შტორმმა სულ მცირე 36 ადამიანი იმსხვერპლა

ბრაზილიაში, სან-პაულუს შტატის სანაპიროზე ქარიშხალმა და ძლიერმა წვიმამ სულ მცირე 36 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ ინფორმაციას Globo 20 თებერვალს ავრცელებს.

დაღუპულთაგან 35 (აქედან სულ მცირე ოთხი ბავშვი) სან სებასტიანის მუნიციპალიტეტში გარდაიცვალა, კიდევ ერთი ქალაქ უბატუბაში.

40 ადამიანი დაკარგულად ითვლება. გადარჩენილთა ძებნა გრძელდება.

უამინდობის გამო ათობით ადგილობრივი მოქალაქის ევაკუაცია გახდა საჭირო.

Globo-მ გამოაქვეყნა წვიმის შედეგად გარდარეცხილი გზების, დატბორილი მანქანებისა და ჩამოვარდნილი ხეების კადრები.

Associated Press წერს, რომ სან სებასტიანში მეწყერის გამო 50 სახლი ჩამოინგრა.

ზოგიერთმა ქალაქმა გააუქმა ტრადიციული კარნავალი.

Globo განმარტავს, რომ "ქარიშხალმა გამოიწვია წყალდიდობა, ღვარცოფი და გადაკეტა მაგისტრალის მონაკვეთები."

სან სებასტიანში 627 მმ წვიმა მოვიდა, რაც მოსალოდნელ რაოდენობას ორჯერ აღემატება.

მსგავსი სიახლეები