ბულგარეთში სტამბოლის ტერაქტში ეჭვმიტანილი ხუთი პირი დააკავეს
ბულგარეთში სტამბოლში ტერაქტის ორგანიზებაში თანამონაწილეობაში ეჭვმიტანილი ხუთი პირი დააკავეს.
ბულგარული ონლაინ გამოცემა „მსოფლიოში და ჩვენთან“ ბულგარეთის გენერალური პროკურატურის ოფიციალურ წარმომადგენელ სიიკა მილევაზე დაყრდნობით წერს, რომ დაკავებულებს შესაბამისი ბრალდება წარედგინათ.
ბულგარული მედიის თანახმად, სამი დაკავებული მოლდოვის მოქალაქეა, კიდევ ერთი მამაკაცი და ერთი ქალი კი არაბული წარმოშობისაა. ბულგარეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მათ "ლოგისტიკური და კომუნიკაციური" დახმარება გაუწიეს სავარაუდო დამნაშავეებს.
გენერალურ პროკურატურაში დამატებით დეტალებზე ეროვნული უსაფრთხოების მიზეზების გამო არ საუბრობენ.
მედიის ცნობით, ზემოაღნიშნული პირებიდან 5-დან 4-ს 72-საათიანი პატიმრობა შეეფარდა, სასამართლოს კი შუამდგომლობა გადაეგზავნა უვადოდ დაკავების მოთხოვნით.
ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ქალს აღმკვეთი ღონისძიების უფრო მსუბუქი ღონისძიება შეეფარდა.
იმავე დღეს თურქულმა საინფორმაციო სააგენტო Anadolu-მ გაავრცელა ინფორმაცია 13 ნოემბერს სტამბოლში, ისტიკლალის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების ორგანიზებაში ჩართული რვა ადამიანის დაკავების შესახებ.
თურქეთის ხელისუფლების ცნობით, დაკავებულები დაეხმარნენ სავარაუდო დამნაშავეებს, სირიელ აჰლამ ალბაშირს და კიდევ ერთ ეჭვმიტანილს, ბილალ ჰასანს, თურქეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში.
13 ნოემბერს სტამბოლში მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 81 კი დაშავდა. თურქეთის ხელისუფლება ტრაგედიაში ქვეყანაში აკრძალულ ქურთისტანის მუშათა პარტიას ადანაშაულებს.