ბუტანმა 16 დღეში ზრდასრული მოსახლეობის 93% აცრა

აღმოსავლეთ ჰიმალაების ჯუჯა სახელმწიფო ბუტანმა აშშ-ს, ისრაელს, ბაჰრეინს და სხვა მოწინავე ქვეყნებს გაუსწრო და ზრდასრული მოსახლეობის 93% აცრა. ხოლო ჯამში მოსახლეობის 62%-ია აცრილი.

მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს ამ მაჩვენებლისთვის ან არ მიუღწევიათ ან ბევრად დიდი დრო დასჭირდათ. ბუტანმა კი ეს 16 დღეში შეძლო.

ქვეყნის წარმატების საიდუმლო, მისი მოსახლეობის მცირე რაოდენობაშია. 800,000-მდე მოსახლეობის ქვეყანამ 150,000 AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზები მეზობელი ინდოეთისგან იანვარში მიიღო. მაგრამ ვაქცინაციის ტემპები მარტის დასაწყისში გაიზარდა, რადგან ეს პერიოდი ბუდისტური ასტროლოგიით ხელსაყრელ დროდ ითვლება.

ბუტანის პირველი ვაქცინირებული ადამიანი მაიმუნის წელში დაბადებული ქალი იყო, რომლის ვაქცინის გაკეთებისას ბუდისტი ბერები ლოცულობდნენ.

ბუტანში პანდემიის დაწყებიდან 910 ინფიცირების და 1 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.

ბუტანს სავალდებულო, 21 დღიანი კარანტინი აქვს დაწესებული ყველა უცხო ქვეყნიდან ჩასული ვიზიტორისთვის. ქვეყნის ყველა სკოლა და უნივერსიტეტი ღიაა, მაგრამ მოქმედებს მკაცრი კოვიდ-რეგულაციები.

ბუტანი ჰიმალაების ბოლო ბუდისტური სამეფოა, თუმცა ქვეყანა აბსოლუტური მონარქიიდან კონსტიტუციური მონარქია გახდა.

 

მსგავსი სიახლეები