ჩეჩნეთზე და ავღანეთზე უარესი – რუსეთს 1945 წლის შემდეგ უმძიმესი დანაკარგები აქვს
უკრაინაზე თავდასხმის მომენტიდან ამ დრომდე რუსული არმიის დანაკარგები მოკლულებით 2 000-დან 4 000-მდე ფარგლებში მერყეობს, ასეთ დასკვნას ავრცელებს აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი, უილიამ ბარნსი.
ბარნსის თქმით, ომი კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდება. ამ დრომდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ საკუთარი დანაკარგების შესახებ მხოლოდ ერთხელ გამოაცხადა. ოფიციალური ცნობებით უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლულია 498 და დაჭრილია 1 500-მდე რუსი ჯარისკაცი.
უკრაინის ოფიციალური მონაცემებით, ომის დაწყებიდან ამ დრომდე მოკლულია 11 ათასამდე ოკუპანტი, რაც შეეხება საკუთარ დანაკარგებს, პრეზიდენტ ზელენსკის თქმით რუსეთის სამხედრო აგრესიას ამ დრომდე 1 300 უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა.
რა ციფრებს უნდა დავუჯეროთ?
სავარაუდოა, რომ უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული რიცხვი ზუსტი არ არის. ბევრი სამხედრო ექსპერტის აზრით, ამ მასშტაბის დანაკარგებით რუსეთის არმია ვერ გააგრძელებდა შეტევას ვერცერთი მიმართულებით.
მაგრამ კიდევ ალოგიკურია მოსკოვის მიერ გავრცელებული რიცხვები - პირველ რიგში თვალშისაცემია მოკლულებისა და დაჭრილების მაღალი თანაფარდობა - 1:3-ზე. ეს თანამედროვე ომის პირობებში რუსეთის არმიის მწირ სამედიცინო შესაძლებლობებზე მიუთითებს.
მოკლული და დაჭრილი ჯარისკაცების თანაფარდობა თანაზომადია საბჭოთა წითელი არმიის მაჩვენებლებთან ავღანეთის ოკუპაციის დროს. მაშინაც კი ეს მაჩვენებელი უკეთესად გამოიყურებოდა 1:3.7-ზე, მეტიც ახლანდელ მაჩვენებლებს მცირედ ჯობდა ჩეჩნეთის პირველი ომის დროინდელი მოცემულობაც, მაშინ რუსულ არმიაში მოკლულების და დაჭრილების თანაფარდობა 1:3.4-ს შეადგენდა.
შედარებისთვის იგივე მაჩვენებლები 1:7-ზე შეადგენდა აშშ-ის ერაყის კამპანიის დროს, ხოლო ვიეტნამის ომისას კი იგივე მაჩვენებელი 1:5-ს უტოლდებოდა.
რუსეთის თავდაცვის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციიდან გამომდინარეობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა - მოკლულების ძალიან მაღალი რაოდენობა. ამ მაჩვენებლის გამოცხადების მომენტში საომარი მოქმედებები 7 დღის დაწყებული იყო, შესაბამისად ოფიციალურად მოკლული 498 ჯარისკაცი ნიშნავს, რომ რუსულ არმია ყოველდღიურად 70 სამხედროს კარგავს.
შედარებისთვის ავღანეთის ოკუპაციის დროს ეს მაჩვენებელი მაქსიმუმ, დღიურად 4 ჯარისკაცს შეადგენდა. გაცილებით მცირე იყო დღიურად დანაკარგების მაჩვენებელი ჩეჩნეთის პირველი ომის დროსაც და მაშის ეს მაჩვენებელი დღიურად 7 ჯარისკაცს უტოლდებოდა.
შედარებისთვის ერაყის კამპანია სულ 3 162 დღე მიმდინარეობდა, რა დროშიც სულ მოკლულია 3 001 ჯარისკაცი, ანუ დღიურად 1 სამხედროზე ნაკლები. იგივე მაჩვენებელი შემდეგნაირად გამოიყურებოდა ვიეტნამის ომის დროს - კამპანიის მიმდინარეობის 5 181 დღის განმავლობაში მოკლეს 58 200 სამხედრო, ანუ დღეში დაახლოებით 10 ჯარისკაცი.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის, რუსეთის და აშშ-ის მიერ გავრცელებული ოფიციალური მაჩვენებლები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებდა, ფაქტია, რომ რუსეთის არმიის დანაკარგები მეოცე საუკუნის კონფლიქტების დანაკარგების დონეზეა.
დაჭრილებისა და მოკლულების არსებული თანაფარდობა მიუთითებს ლოჯისტიკურ ჩავარდნაზე - როგორც ჩანს ვერ ხერხდება მძიმე დაჭრილების გადაყვანა უსაფრთხო ადგილას სამკურნალოდ.
დანაკარგების ასეთი მაღალი დონე ასევე უკავშირდება ტაქტიკურ შეცდომებს, შეუასაბამო სამხედრო ნაწილების გამოყენებას. ამის მაგალითი როსგვარდიის დანაყოფები, რომლებმაც როგორც ჩანს საერთოდ არ იცოდნენ, რომ უკრაინაში გადასასროლად ამზადებდნენ და შესაბამისად ომისთვის ტოტალურად მოუმზადებლები აღმოჩნდნენ.
მოსალოდნელია, რომ რუსეთის დანაკარგები ომის შემდგომ მიმდინარეობასთან მკვეთრად გაიზრდება. ამის მიზეზი ის არის, რომ რუსულმა არმიამ ქალაქების ალყაში მოქცევა და მათი შტურმისთვის მზადება დაიწყო.
როგორც ცნობილია ურბანული ბრძოლებში თავდაცვით მხარეს გაცილებით დიდი უპირატესობა აქვს, იმ პირობებში როდესაც ურბანულ პირობებში წარმატებისთვის თავდამსხმელს გაცილებით უფრო დიდი ცოცხალი ძალა ჭირდება.