ჩინეთი არღვევს სანქციებს და რუსეთს სამხედრო დანიშნულების პროდუქციას აწვდის

ჩინეთი არღვევს დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების რეჟიმს და რუსეთს სამხედრო დანიშნულების პროდუქციას აწვდის. 

ინფორმაციას ამის შესახებ, რუსეთის საბაჟოს გაჟონილ მონაცემებზე დაყრდნობით Wall Street Journal ავრცელებს

რუსეთის საბაჟოს მონაცემებიდან ცნობილი ხდება, რომ ჩინეთის კერძო და სახელმწიფო კომპანიები რუსეთს აწვდიან სამხედრო დანიშნულების პროდუქციას, მათ შორის თვითმფრინავის ნაწილებს, რადიოლოკაციურ და ნავიგაციის მოწყობილობებს. აღმოჩნდა, რომ ჩინური მხარე ვაჭრობას აგრძელებს რუსეთის უკვე სანქცირებულ კერძო და სახელმწიფო კომპანიებთან. პირდაპირ სამხედრო დანიშნულების პროდუქციაზე ბევრად მაღალია ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ვაჭრობის მოცულობა. 

გაზეთის წყაროს ცნობით, ჩინეთის მიერ რუსეთის დახმარება ენტონი ბლინკენის ჩინეთში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა უნდა ყოფილიყო - აშშ-ს საჰაერო სივრცეში ჩინეთის კუთვნილი აეროსტატის შეჭრის გამო სახელმწიფო მდივნის ვიზიტი გაურკვეველი ვადით გადაიდო. 

რუსეთის საბაჟოს მონაცემები ცხადჰყოფს, რომ კრემლს კვლავ შეუძლია საჭირო ტექნოლოგიების იმპორტი, იმ ქვეყნების გავლით, რომლებიც არ შეურთდნენ დასავლეთის მიერ წამოწყებულ ძალისხმევას, რომლის მიზანიც რუსეთის გლობალური ბაზრისგან იზოლაციაა. 

არაერთი სასანქციო პროდუქცია კვლავ აღწევს რუსეთში ისეთი ქვეყნების გავლით როგორიცაა თურქეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები. ამ ფონზეც კი რუსეთისთვის საჭირო ტექნოლოგიების მიწოდების მთავარი წყარო სწორედ ჩინეთი გახდა. 

გაზეთმა შეისწავლა 84 ათასამდე შესყიდვა როგორც ომის დაწყებამდე, ასევე სანქციების დაწესების შემდეგ გაფორმებული ხელშეკრულებები. გაჟონილი დოკუმენტებში ჩანს მათ შორის იმ პროდუქციის ექსპორტი, რომელსაც რუსეთი უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში იყენებს. 

ასე მაგალითად გასული წლის 22 აგვისტოს Рособронекспорт-ის ერთ-ერთმა შვილობილმა სტრუქტურამ ჩინეთის სახელმწიფოს კუთვნილი Poly Technologies-სგან შეიძინა სანავიგაციო მოწყობილობები M17-ის ტიპის ვერტმფრენისთვის. იმავე თვეში ელექტრონიკის მწარმოებელმა კერძო კომპანია Fujian Nanan-მა იმავე Рособронекспорт-ს უზბეკური კომპანიის გავლენით ტელესკოპური ანტენები მიჰყიდა. 

2022 წლის ოქტომბერში კიდევ ერთმა სახელმწიფო კომპანია Avic International-მა რუსეთის კუთვნილ РОСТЕХ-ს CУ35-ის სათადარიგო ნაწილები მიჰყიდა. გარდა ამისა საუბარია მათ შორის ნახევარგამტარებისა და რუსეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპიუტერული ჩიპების გაზრდილ ექსპორტზე. 

კონტექსტი 

ზუსტად ერთი წლის წინ, 2022 წლის 4 თებერვალს ვლადიმირ პუტინის პეკინში ვიზიტის შემდეგ ჩინეთმა და რუსეთმა 2 სახელმწიფოს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპის, "ულიმიტო მეგობრობის' დაწყების შესახებ გამოაცხადეს. 

ომის დაწყების შემდეგ ჩინეთი ერთის მხრივ გმობს საომარ მოქმედებებს და აღიარებს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ამის პარალელურად ჩინეთი რუსეთთან ზრდის ვაჭრობას და რუსეთთან მეგობრობის გაღრმავებაზე საუბრობს. 

რიტორიკული მხარდაჭერის მიუხედავად ამ დრომდე მიიჩნეოდა, რომ ჩინეთი რუსეთს პირდაპირ სამხედრო დანიშნულების პროდუქციას არ აწვდიდა. 

მსგავსი სიახლეები