ჩინეთი პირობას დებს, რომ მხარს დაუჭერს ყაზახეთის სუვერენიტეტს
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ორწელიწადნახევრის განმავლობაში პირველი უცხოური ვიზიტის ფარგლებში ყაზახეთს ეწვია. ოთხშაბათს, 14 სექტემბერს, ამ ქვეყნის პრეზიდენტთან, კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან შეხვედრისას, ჩინეთის ლიდერმა "მაღალი შეფასება მისცა" ორმხრივი ურთიერთობების დონეს.
ძინპიმა თქვა, რომ მხარს უჭერს ყაზახეთის პოზიციას რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებში.
"კიდევ ერთხელ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩინეთის მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს ყაზახეთთან ურთიერთობას. როგორც არ უნდა შეიცვალოს საერთაშორისო ვითარება, ჩვენ გავაგრძელებთ ყაზახეთის მტკიცე მხარდაჭერას დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ნებისმიერი ძალის ჩარევას თქვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში", - ციტირებს ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ჩინეთის ლიდერს.
თავის მხრივ, ტოკაევმა ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტს "უაღრესად მნიშვნელოვანი" უწოდა და გაიხსენა 2019 წლის სექტემბერში პეკინში გაკეთებული განცხადება "მარადიულ, ყოვლისმომცველი სტრატეგიულ პარტნიორობაზე".
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ორი დელეგაციის შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები ტრანსპორტის, ლოჯისტიკისა და აგროინდუსტრიის სექტორებში, ასევე საზღვრისპირა წყლის რესურსების გამოყენების საკითხები.
მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოეწერა ერთობლივ განცხადებას ყაზახეთის რესპუბლიკასა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით.