ჩინეთი თავდაცვის ბიუჯეტს 7.1 %-ით გაზრდის

2022 წელს ჩინეთი თავდაცვის ბიუჯეტს დაგეგმილთან შედარებით 7.1 პროცენტით, 229 მილიარდ დოლარამდე გაზრდის.

გაზრდილ სამხედრო ხარჯებს პეკინი ინდოეთ-წყნარი ოკეანის აუზში შექმნილ უსაფრთხოების გამოწვევებს უკავშირებს.

„ჩინეთი სრულად შეასრულებს სი ძინფინგის ხედვას შეიარაღებული ძალების გაძლიერების შესახებ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ლი კეციანგმა ეროვნული სახალხო კონგრესის სხდომაზე.

ჩინეთის პრემიერს კუნძულის წინააღმდეგ შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ არ უსაუბრია, თუმცა ტაივანში არსებული „სეპარატისტული განწყობები“ დაგმო.

გასულ წელს პეკინმა ტაივანზე, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, სამხედრო გზით კონტროლის დამყარების შესაძლებლობა გააჟღერა.

ჩინეთი თავდაცვის სფეროში აშშ-ს შემდეგ ყველაზე მეტს ხარჯავს. შედარებისთვის, ამერიკაში სამხედრო დანახარჯებმა წელს 768 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ჩინეთის შეიარაღებული ძალები - სახალხო განთავისუფლების არმია - ჩინეთის კომუნისტური პარტიის და პრეზიდენტის პირდაპირი კონტროლის ქვეშ იმყოფება.

მსგავსი სიახლეები