ჩინეთის გარდა ყველა ქვეყანასთან ტრამპმა ტარიფების ამოქმედების ვადა გადადო

დონალდ ტრამპმა შეაჩერა 2 აპრილს მის მიერ თითქმის ყველა სახელმწიფოსთვის დაწესებული "სარკისებური" ტარიფების მოქმედება, მისი თქმით, ათობით სახელმწიფო აშშ-სთან ახალ სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს.
State Of Play: ერთადერთი გამონაკლისი, რომელთანაც ტარიფები კვლავაც იმოქმედებს ჩინეთია, მეტიც ტრამპმა ჩინურ იმპორტზე ტარიფები 104%-დან 125%-მდე გაზარდა.
- ტრამპის თქმით, 2 აპრილს დაწესებული ტარიფების მოქმედება 90 დღით შეჩერდება, თუმცა ამ დროის განმავლობაში იმოქმედებს ბლანკეტური 10%-იანი სავაჭრო ტარიფები თითოეული ქვეყნის პროდუქციის იმპორტზე.
- ტრამპის მიერ ტარიფების მოქმედებაში პაუზის გამოცხადებას საფონდო ინდექსების ზრდა მოჰყვა - პირველივე წუთებში 7%-ით გაიზარდა S&P 500-ის ინდექსი, რომელზეც უმსხვილესი ამერიკული კომპანიების აქციებით ვაჭრობენ.
Big Picture: ტარიფების მოქმედების შეჩერება მაღალი ალბათობით ბაზრის რეაქციას უკავშირდება - გასული დღეების განმავლობაში შემცირდა უმსხვილესი საფონდო ბირჟების ინდექსი, ასობით მილიარდი დოლარით შემცირდა უმსხვილესი კომპანიების კაპიტალიზაცია და უმდიდრესი ადამიანიების ქონების ღირებულება. გარდა ამისა, ტარიფები უარყოფითად აისახა დოლარის გაცვლით კურსსა და აშშ-ს ხაზინის ობლიგაციების ბაზარზე.
- მიუხედავად ამისა, ტრამპის ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის თქმით, პაუზა არ არის დაკავშირებული ბაზრის რეაქციასთან, არამედ საჭიროა მოლაპარაკებებისთვის ახალი სავაჭრო შეთანხმებების დასადებად.
Context: ამგვარად ტრამპის მიერ გამოცხადებულ გლობალურ სატარიფო ომში მთავარი აქცენტი მომდევნო პერიოდში ჩინეთთან დაპირისპირებაზე იქნება.
- ჩინეთმა ცოტა ხნის წინ სარკისებურად უპასუხა ტრამპის მიერ დაწესებულ 50%-იან ბაჟს, ამგვარად ამერიკული პროდუქციისთვის ჩინეთში ამიერიდან 84%-იანი ტარიფი იმოქმედებს. სავარაუდოა, რომ ჩინეთი უახლოეს საათებში გამოაცხადებს ტარიფების შემდგომი ზრდის შესახებ.
- ეკონომისტების აზრით, ჩინეთის მიერ საპასუხო ტარიფების დაწესება ყველაზე მეტად ამერიკელ ფერმერებს დააზარალებს.
- აშშ-ს მიერ ჩინეთში ექსპორტირებული პროდუქციის ჯამური მოცულობა ბოლო მონაცემებით 145 მილიარდი დოლარია - ამ მოცულობის დიდი ნაწილი მარცვლეულსა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციაზე მოდის.