ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში უკანონო შვილის ყოლის გამო გადააყენეს

ჩინეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ცინ განგის გადაყენების მიზეზი ქორწინების მიღმა მისი სასიყვარულო ურთიერთობები და ამ ურთიერთობების შედეგად გაჩენილი შვილია. 

ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Wall Street Journal ავრცელებს. 

გაზეთის წყაროების ცნობით, ცინ განგის სასიყვარულო ურთიერთობები აშშ-ში ელჩის პოსტზე მუშაობის პერიოდში გრძელდებოდა. ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად ცნობილი გახდა, რომ ცინ განგს აშშ-ში უკანონო შვილი ჰყავს. 

გაზეთის ცნობით, გამოძიების შედეგები გასულ თვეში გააცნეს პარტიის მაღალი თანამდებობის პირებს, ხოლო განგის გათავისუფლების მიზეზად "ცხოვრების წესის საკითხები" დასახელდა - კომუნისტური პარტიის სლენგზე ეს სექსუალური ხასიათის დარღვევებს ნიშნავს. 

კონტექსტი 

ცინ განგი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს სულ 7 თვის განმავლობაში იკავებდა. 2020-2022 წლებში კი ის აშშ-ში ჩინეთის ელჩის თანამდებობას იკავებდა. ცინ განგი ჩინეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა. 

განგის თანამდებობიდან გადაყენებას წინ უძღოდა მისი 1-თვიანი აუხსნელი გაუჩინარება, რომელსაც უწყება ჯანმრთელობის საკითხებს მიაწერდა. 

განგის შემდეგ, ასევე მოულოდენლად თანამდებობიდან გადააყენეს ჩინეთის ბირთვული ძალების მეთაურები. ხოლო ცოტა ხნის წინ, ასევე გაუჩინარდა თავდაცვის მინისტრი, ლი შანგფუ. 

მსგავსი სიახლეები