დანიის მთავრობას სურს მოსწავლეებს ტელეფონის სკოლაში შეტანა აუკრძალოს

დანიის მთავრობა სკოლებში მობილური ტელეფონების აკრძალვას სპეციალური კომისიის რეკომენდაციით იწყებს.

ამის შესახებ The Guardian წერს.

დანიის მთავრობა იწყებს კანონში ცვლილებებს, რომლითაც დაწყებითი და საშუალო სკოლის მოსწავლეებს მობილური ტელეფონების სკოლაში შეტანა აეკრძალებათ.

ინიციატივას საფუძვლად დაედო ბავშვთა კეთილდღეობის სპეციალური სამთავრობო კომისიის რეკომენდაცია. ის 2023 წელს პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენის მიერ იმ მანდატით შეიქმნა, რომ ბავშვებისა და მოზარდების ცხოვრებით უკმაყოფილების მიზეზები გამოიძიოს.

დასკვნა, რომელიც კომისიამ გამოაქვეყნა, ბავშვების ცხოვრების გადაჭარბებულ დიგიტალიზაციაზე საუბრობს და მთავრობას ამ საკითხში უკეთესი ბალანსის პოვნისკენ მოუწოდებს. 35 რეკომენდაციას შორის არის მობილური ტელეფონების აკრძალვა სკოლებში და სკოლის შემდგომ კლასებში.

კომისიამ დაადგინა, რომ თინეიჯერების 94%-ს უკვე ჰქონდა სოციალური მედიის ანგარიში, სანამ ისინი 13 წლის გახდებოდნენ და 9-14 წლის მოზარდები დღეში საშუალოდ სამ საათს ხარჯავენ ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა TikTok და YouTube.

გეგმის მიხედვით, პროექტი მოიცავს გამონაკლისების შესაძლებლობას ადგილობრივი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით - მაგალითად, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებმა თან იქონიონ ტელეფონები და პლანშეტები, მაგრამ სხვებმა ვერ გამოიყენონ ისინი არც გაკვეთილებზე და არც შესვენების დროს.

ბოლო დროს მსგავსი ზომები განიხილება ან უკვე მიიღეს ევროპის ბევრ ქვეყანაში.

ლატვიაში 1-6 კლასების მოსწავლეებს სკოლაში ყოფნისას მობილური ტელეფონების გამოყენება აეკრძალათ.

საფრანგეთში, 2025 წლის იანვრიდან საპილოტე პროექტის ფარგლებში, გარკვეული დაწესებულებების დაწყებითი და საშუალო სკოლის მოსწავლეებს სკოლაში შესვლისას მოეთხოვებათ სმარტფონების კარადაში დატოვება.

ნიდერლანდებმა ასევე აკრძალა ტელეფონები საშუალო და დაწყებით სკოლებში, მაგრამ მოსწავლეებს შეეძლებათ გამოიყენონ თავიანთი მოწყობილობები სწავლისთვის საჭიროების შემთხვევაში.

მსგავსი სიახლეები