ერდოღანის თქმით, სტამბოლში მის მხარდასაჭერ აქციას 1.7 მილიონი ადამიანი დაესწრო
თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ კვირით ადრე, ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, კვირას სტამბოლში მასშტაბური წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. მისი თქმთ, აქციაზე მინიმუმ 1.7 მილიონი ადამიანი იმყოფებოდა. ამის შესახებ სააგენტო Anadolu წერს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მხარდამჭერებს აქციაზე მოსვლისთვის მადლობა გადაუხადა და ბოლო 21 წლის განმავლობაში მისი მთავრობის მიღწევები გაიხსენა.
თურქეთის ლიდერმა თქვა, რომ მისმა მთავრობამ გასული 21 წლის განმავლობაში ეროვნული შემოსავალი გაასამმაგა.
"21 წლის განმავლობაში, ჩვენ ვუზრუნველყავით სამუშაო და საკვები 21 მილიონი ადამიანისთვის, რომელიც დაემატა ჩვენს მოსახლეობას. ჩვენ ავაშენეთ 10.5 მილიონი ახალი სახლი 21 წლის განმავლობაში და ოჯახებს სახლები მივეცით."
მან გააკრიტიკა თურქული ოპოზიცია ადგილობრივი წარმოების დრონების და თვითმფრინავების კრიტიკის გამო და პირობა დადო, რომ კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიას.
ენერგეტიკის შესახებ ერდოღანმა გაიხსენა შავ ზღვასა და თურქეთის სამხრეთში, გაბარის რაიონში აღმოჩენილი მილიარდობით დოლარის ღირებულების ბუნებრივი აირისა და ნავთობის მარაგი, რომელიც, მისი თქმით, თურქი ერის საკუთრებაა.
ერდოღანმა ასევე თქვა, რომ მისი მთავრობა ახორციელებს "სტამბულის გვირაბის დიდ პროექტს", რომელიც, მისი თქმით, "იქნება მესამე გვირაბი, რომელიც გაივლის მარმარილოს ზღვის ქვეშ."
"ჩვენ სტამბოლს ვამზადებთ თურქეთის საუკუნისთვის და სტამბოლი იქნება თურქეთის საუკუნის აღმავლობის ლოკომოტივი", - აღნიშნა მან.
მან ასევე განაცხადა, რომ სტამბულის მერი ეკრემ იმამოღლუ არ ემსახურება სტამბოლს და არჩევნებისთვისას მთელი თურქეთის მასშტაბით საარჩევნო კამპანიას ატარებს.
"ქემალმა (ქილიჩდაროღლუმ, მისმა მთავარმა ოპონენტმა - რედ.) მას მითითებები მისცა და უთხრა: "წადი ვანში". ეკრემ, შენ ტრაპიზონელი ხარ, რას აკეთებ იქ, როცა სტამბოლში უნდა იყო?" - თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.
სტამბოლი ერდოღანისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ქალაქია, რადგან მის პოლიტიკური კარიერაში აღმავლობა 1994 წელს, სტამბოლის მერის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დაიწყო.
თუმცა, 2019 წელს, მისი პარტია სტამბოლის მერის არჩევნებში მთავარი ოპოზიციური პარტიის, სახალხო რესპუბლიკური პარტიის კადნიდატ ეკრემ იმამოღლუსთან დამარცხდა.
თურქეთში არჩევნები 14 მაისს ჩატარდება. მოქალაქეები ქვეყნის პრეზიდენტს და თურქეთის 600-კაციან პარლამენტს აირჩევენ.