ესპანელები მემარცხენე მთავრობის ახალ კანონებს აპროტესტებენ
დაახლოებით ასი ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ესპანეთში, 27 ნოემბერს, მემარცხენე კოალიციური მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ჩატარებულ დემონსტრაციებში. კოალიციურ მთავრობაში ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტია, კომუნისტური პარტია და მემარცხენე პოპულისტური პარტია Podemos შედიან.
ლიბერალურ-კონსერვატიული ოპოზიციის, პროფკავშირებისა და კათოლიკური ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული აქციები გაიმართა მადრიდში და ესპანეთის 50 პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში.
მადრიდის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლობის ცნობით, დედაქალაქში საპროტესტო აქციაზე 25 000 ადამიანი გამოვიდა, ორგანიზატორების ცნობით, 80 000 დემონსტრანტი. საკანონმდებლო რეფორმებითა და ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკით უკმაყოფილო დემონსტრანტები, ძირითადად მემარჯვენე ცენტრისტული "სახალხო პარტიისა" და ულტრამემარჯვენე პარტია "ვოქსის" ამომრჩევლები, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ.
დემონსტრაციების უშუალო მიზეზი სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმა გახდა, რომლითაც გაუქმდა 544-ე მუხლი "აჯანყებაში" მონაწილეობის შესახებ. ეს საშუალებას მისცემს კატალონიელ სეპარატისტებს, რომლებიც 2017 წელს თავიანთი რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადების მცდელობაში არიან მსჯავრდებულები, დაუბრუნდნენ პოლიტიკურ საქმიანობას. ამავე დროს, მთავრობამ გადაწყვიტა სამოქალაქო გვარდიის (ჟანდარმერიის) გაყვანა ნავარის პროვინციიდან, სადაც ბასკი ნაციონალისტები არიან ხელისუფლებაში.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს ზომები, რომელსაც ხელისუფლება რეგიონებთან ურთიერთობის "გაუმჯობესების" სურვილით ხსნის, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ერთიანობას. ოპოზიციის თქმით, ეს აიხსნება მხოლოდ მმართველი კოალიციის სურვილით, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა არ ჰყავს, მოიპოვოს კატალონიელი და ბასკი პარლამენტარების მხარდაჭერა.
ოპოზიციური ძალები არანაკლებ აღშფოთებული არიან ახლახან მიღებული სექსუალური თავისუფლების შესახებ კანონით, რომელიც მოძალადეებისა და პედოფილებისთვის თავისუფლების აღკვეთას ამცირებს. ამ დანაშაულისთვის 10 მსჯავრდებული უკვე გათავისუფლდა.
საპროტესტო აქციები სწრაფად მზარდი ინფლაციის ფონზე მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ის 12%-ს არ აღემატება, თუმცა როგორც დამოუკიდებელი წყაროები წერენ, "სამომხმარებლო კალათის" ღირებულება წლის დასაწყისიდან გაორმაგდა. ელექტროენერგიის ფასები მკვეთრად გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ესპანური ბაზარი არ არის დამოკიდებული რუსეთიდან იმპორტზე.
ეკონომიკური კრიზისის და მოხმარების დონის შემცირების გამო საწარმოები კოტრდებიან, უმუშევრობა იზრდება. ამავდროულად, ხელისუფლება, ხაზინის შევსების მიზნით, ზრდის გადასახადებს და ეს საპროტესტო მუხტს კიდევ უფრო ზრდის.