ესპანეთის მეფემ მთავრობის შექმნა ოპოზიციის ლიდერს დაავალა

ესპანეთის მეფემ კონსერვატიული სახალხო პარტიის ლიდერს, ალბერტო ნუნეზ ფეიხოს ახალი მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკებების დაწყება სთხოვა. 

ამ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

ესპანეთის მეფე ფელიპე VI-მ სამშაბათს გადაწყვიტა, რომ ფეიხომ, რომლის პარტიამაც ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა გასული თვის საპარლამენტო არჩევნებში, კოალიის შექმნა უნდა სცადოს.

მაგრამ ფეიხოს საპარლამენტო კოალიციის ფორმირების დიდი შანსი არ აქვს. სახალხო პარტიამ და მისმა მოკავშირე ულტრამემარჯვენე პარტია Vox-მა მანდატების უმრავლესობა ვერ მოიპოვეს.

ქვეყნის მოქმედ პრემიერს, სოციალისტ პედრო სანჩესს თანამდებობაზე დარჩენის უკეთესი შანსი აქვს. სანჩესი და მისი მემარცხენე მოკავშირეები პარლამენტში 350 ადგილიდან 171-ს აკონტროლებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობის ფორმირებისთვის მან უნდა დაითანხმოს რამდენიმე დეპუტატი, რომლებიც რადიკალურ კატალონიურ სეპარატისტულ პარტია Junts-ს წარმოადგენენ.

გასულ კვირას სანჩესსა და Junts-ს შორის პირველი თანამშრომლობა შედგა, როდესაც კატალონიელებმა პარლამენტის ბიუროს პრეზიდენტობაზე ხმა ფრანსინა არმენგოლს, სოციალისტ კანდიდატს მისცეს.  

მსგავსი სიახლეები