ევროკავშირი დღეს გაზის ფასის ჭერის შემცირებას განიხილავს
ევროკავშირის წევრი ქვეყნები 19 დეკემბერს გაზის ფასის ზედ ზღვარს განიხილავენ, რომელიც თავდაპირველ წინადადებაზე თითქმის მესამედით დაბალია. ამ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
ჩეხეთის მთავრობამ, რომელიც წლის ბოლომდე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობას ითავსებს, გამოთქვა ინიციატივა ფასის ზედა ზღვარი მეგავატ საათზე 188 ევრომდე შემცირდეს. თავდაპირველად ევროკომისიის შემოთავაზებული ფასის ჭერი 275 ევრო იყო.
გეგმას ენერგეტიკის მინისტრები 19 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე განიხილავენ. ბუნებრივი აირის ფასის ჭერზე გერმანია ფრთხილ მიდგომას უჭერდა მხარს, ხოლო ბელგია, საბერძნეთი, იტალია და პოლონეთი კი უფრო აგრესიულ ჩარევას მოითხოვდნენ და ფასის ჭერის 200 ევროზე დაბლა დაწევას ითხოვდნენ.
გაზის ფასის ლიმიტის შეთანხმება ასევე გულისხმობს ზომების ფართო პაკეტს, რომელიც მიზნად ისახავს ენერგეტიკაზე მაღალი ფასების შეზღუდვას. გაზისა და ელექტროენერგიის ფასები რეკორდულად ამ წლის დასაწყისში მას შემდეგ გაიზარდა, რაც რუსეთმა რადიკალურად შეამცირა ბუნებრივი აირის ევროკავშირის ქვეყნებისთვის მიწოდება.