FBI: აშშ-სთვის ყველაზე მწვავე საფრთხეს ჩინეთი წარმოადგენს
აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ხელმძღვანელი ქრისტოფერ რეი აცხადებს, რომ ამერიკისთვის ყველაზე დიდი საფრთხე დღეს ჩინეთიდან მოდის.
„არცერთი ქვეყანა არ წარმოადგენს ისეთ საშიშროებას ჩვენი ინოვაციისთვის, იდეებისთვის და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის, როგორიც ჩინეთი“, - განაცხადა რეიმ ამერიკულ ტელეარხ NBC News-თან ინტერვიუში.
FBI-ს შეფის თანახმად, ბიუროს კონტრდაზვერვის გუნდი ჩინეთთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ ყოველ თორმეტ საათში საშუალოდ ორ გამოძიებას იწყებს.
2020 წელს რეიმ განაცხადა, რომ FBI „ჩინეთის მთავრობის მიერ ინფორმაციის და ტექნოლოგიების მოპარვის“ ორი ათასამდე შემთხვევას იძიებდა.
გასული წლის ოქტომბერში ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) სპეციალური ქვეუწყების შექმნა დააანონსა, რომელიც „ჩინეთის ხელისუფლების და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ შექმნილ საფრთხეებზე“ იქნება ფოკუსირებული.