Fidesz-მა სესიას, რომელზეც შვედეთის საკითხი უნდა განეხილათ, ბოიკოტი გამოუცხადა
უნგრეთის მმართველი პარტიის, „ფიდეშის“ წევრებმა ბოიკოტი გამოუცხადეს საპარლამენტო სესიას, რომელზეც შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლი უნდა დაემტკიცებინათ.
უნგრეთის საკანონმდებლო ორგანო 199 წევრისგან შედგება. ამჟამად, მმართველი კოალიცია - „ფიდეში“ + „ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია - KDNP” 135 მანდატს ფლობს. მმართველი კოალიციის მხარდაჭერის გარეშე, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება შეუძლებელია.
გამომდინარე იქიდან, რომ მმართველიპარტიის დეპუტატები სხდომაზე არ გამოცხადდნენ, შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანში გაწევრიანების საკითხზე კენჭისყრა სულ მცირე 26 თებერვლამდე გადაიდო.
ნატო-ს ერთადერთი წევრი სახელმწიფო, რომლის პარლამენტსაც შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანში გაწევრიანების საკითხის განხილვა ამ დრომდე არ დაუწყია, უნგრეთია.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ფინეთმა და შვედეთმა სამხედრო ნეიტრალიტეტზე უარი განაცხადეს და ნატო-ს წევრობის შესახებ განაცხადი შეიტანეს. ფინეთი ალიანსს 2023 წლის აპრილში შეუერთდა.
23 იანვარს თურქეთის პარლამენტმა შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა, ხოლო 25 იანვარს აღნიშნულ გადაწყვეტილებას თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოაწერა ხელი.
2023 წლის 25 სექტემბერს უნგრეთის პარლამენტის საშემოდგომო სესიის გახსნაზე ვიქტორ ორბანმა ხაზი გაუსვა, რომ მისი ქვეყანა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ განხილვის დაწყებას არ ჩქარობს, რადგან შვედეთის უსაფრთხოებას არაფერი ემუქრება, თუმცა მიმდინარე წლის იანვარში უნგრეთის პრემიერმა განაცხადა, რომ შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მხარდაჭერას გამოხატავს.
„მე ახლახან დავასრულე სატელეფონო საუბარი ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან. დავადასტურე, რომ უნგრეთის მთავრობა მხარს უჭერს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას. ასევე, ხაზი გავუსვი, რომ მოვუწოდებთ უნგრეთის ეროვნულ ასამბლეას, ხმა მისცეს შვედეთის გაწევრიანებას და რატიფიკაციის პროცესი პირველი შესაძლებლობისთანავე დაასრულოს“, - ვიქტორ ორბანი.