ფინეთში ნატოში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი რეკორდულად გაიზარდა
ფინეთში ნატოს გაწევრიანების მომხრეთა რიცხვმა ბოლო 20 წლის განმავლობაში რეკორდულადაა გაზრდილი. ამის საპირისპიროდ რეკორდულ მინიმუმამდე შემცირებული იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ნატოში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება.
ამ თემაზე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვით ფინელების 28% ემხრობა ნატოში გაწევრიანების იდეას, 42% კი კვლავაც წინააღმდეგია.
ამ მიმართულებით საინტერესოა, რომ ფინეთში ჩატარებული ყველა გამოკითხვით ნატოში გაწევრიანების მოწინააღმდეგეთა რიცხვი არასდროს ჩამოსულა 53%-ზე ქვევით, ისტორიული მაქსიმუმი კი 68%-ს შეადგენდა.
გარდა ამისა 30%-მდეა გაზრდილი ჩამოუყალიბებელი მოქალაქეების რიცხვი, რომლებსაც ჯერ კიდევ არ აქვთ გამოკვეთილი პოზიცია ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამის ახსნა იმით არის შესაძლებელი, რომ ნატოში გაწევრიანების შესახებ დისკუსიები აქტუალური სწორედ მაშინ გახდა, როდესაც გამოკითხვა ჩატარდა.
შედარებისთვის გასული წლის სექტემბერში ჩატარებული გამოკითხვით, გამოკითხულთა 51% ეწინააღმდეგებოდა ნატოში გაწევრიანების იდეას, ხოლო მომხრეთა რიცხვი არ აღემატებოდა 24%-ს.
ნატოში ფინეთის და შვედეთის გაწევრიანების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბოლო კვირების განმავლობაში - ამის მიზეზი კი უკრაინის საზღვართან რუსეთის მიერ მობილიზებული სამხედრო ნაწილები და ფართომასშტაბიანი ესკალაციის მოლოდინია.
რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის ერთ-ერთ პასუხად დასავლეთი სწორედ შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას განიხილავს. ეს ქვეყნები ამ დრომდე უბლოკო სტატუსის მქონე სახელმწიფოები არიან.