ფრიდრიხ მერცი უკრაინისთვის ტანკების გადაცემას ითხოვს
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ხშირად აცხადებს, რომ უკრაინას გერმანიამ ტანკები დამოუკიდებლად არ უნდა გადასცეს და ეს მხოლოდ მოკავშირეებთან ერთად უნდა მოხდეს. საპირისპირო პოზიცია გამთქვა გერმანიის მთავარი ოპოზიციური პარტიის, "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" ლიდერმა ფრიდრიხ მერცმა.
მერცი დაჟინებით ითხოვს უკრაინისთვის თანამედროვე Leopard II-ის საბრძოლო ტანკების გადაცემას.
"უკრაინის ჯავშანტრანსპორტიორებითა და ტანკებით მხარდაჭერა არ გაახანგრძლივებს ამ ომს, ის დააჩქარებს მის დასრულებას", - თქვა CDU-ს თავმჯდომარემ ბერლინში გერმანულ სააგენტოსთან ინტერვიუში. "გერმანიას და ევროპის სხვა ქვეყნებს დიდი ხნის წინ უნდა მიეწოდებინათ უკრაინისთვის ქვეითთა საბრძოლო მანქანები და დასავლური წარმოების ტანკები."
მერცმა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ გამოხატვას, რუსეთისთვის მნიშვნელოვანი სიგნალი უწოდა. მისი თქმით, კარგია, რომ ამერიკელებმა გადამწყვეტად იმოქმედეს და უკრაინას სარაკეტო თავდაცვა მიაწოდეს. ის თვლის, რომ შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ერთობლივი ქმედება უკრაინაში სხვადასხვა იარაღის მიწოდებაზე "რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნებოდა, თუმცა კანცლერის ოფისს აშკარად არ გააჩნია ევროპაში ლიდერობის პოლიტიკური ნება."
უკრაინა დიდი ხანია თავის მოკავშირეებს სთხოვს დასავლური წარმოების საბრძოლო ტანკებსა და ქვეითთა საბრძოლო მანქანებს. უკრაინის ინფორმაციით, ფედერალურ მთავრობასთან გერმანული წარმოების Leopard 2-ისა და Marder-ის მიწოდებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. კანცლერ ოლაფ შოლცს არ სურს მათი უკრაინისთვის გადაცემა მანამ, სანამ ამას ნატოს სხვა წევრები არ გააკეთებენ.