გერმანია ნატოს ისტორიაში ყველაზე დიდ საავიაციო წვრთნებს უმასპინძლებს

ორ კვირაში გერმანიაში ნატოს ქვეყნების საჰაერო ძალების წვრთნები დაიწყება, რაც ალიანსის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მანევრებია. ამის შესახებ Spiegel წერს.

Air Defender 2023-ს გერმანია 12-დან 23 ივნისამდე უხელმძღვანელებს. თითქმის ყველა მანევრი - 90% - დაგეგმილია გერმანიის ტერიტორიაზე და ჩრდილოეთ და ბალტიის ზღვების სანაპირო ზონებზე.

წვრთნებში 250-მდე თვითმფრინავი და ვერტმფრენი მიიღებს მონაწილეობას, მათგან ასამდე აშშ-ის საჰაერო ძალებიდან.

გერმანიის საჰაერო ძალების ინსპექტორმა ინგო გერჰარცმა თქვა, რომ წვრთნებმა უნდა აჩვენოს მოკავშირეების მზადყოფნა, რომ საჭიროების შემთხვევაში სწრაფად უპასუხონ.

მისი თქმით, რუსეთის საჰაერო სივრცის სიახლოვეს "მხოლოდ იზოლირებული მანევრებია" დაგეგმილი და მხოლოდ თავდაცვითი სცენარების შემუშავება მოხდება.

"რა თქმა უნდა, პროვოკაცია იქნება კალინინგრადის მიმართულებით გაფრენის სიმულაცია, მაგრამ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ", - თქვა მან.

წვრთნები დაგეგმილია სამოქალაქო ავიაციის მაკონტროლებელებთან და Eurocontrol-თან მჭიდრო კოორდინაციით, რათა მანევრებმა მინიმალური უხერხულობა შეუქმნას სამოქალაქო ავიაციას.

მსგავსი სიახლეები