გერმანია: რუსეთი ნატოს პოზიციას ვერ უკარნახებს

 

გერმანიის ახალმა თავდაცვის მინისტრმა ქრისტინ ლამბრეხტმა თქვა, რომ ნატოს წევრები რუსეთის მოთხოვნებს განიხილავენ, მაგრამ მოსკოვს ნატოს პოზიციების "კარნახის" უფლებას არ მისცემენ.

ლამბრეხტმა განაცხადება ლიეტუვაში გერმანელ სამხედროებთან შეხვედრისას გააკეთა. ბალტიისპირეთში ნატოს წევრმა ქვეყნებმა სამხედროები 2014 წლის შემდეგ გაგზავნეს.

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანაშაუსკასმა რუსეთის მოთხოვნები კატეგორიულად უარყო და თქვა, რომ რუსეთი მიზნად ისახავს ნატოს წევრებს შორის დაპირისპირება შექმნას.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიბაკოვმა ნატოს რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა. მათ შორის იყო - პოლონეთიდან, ლიეტუვიდან, ლატვიიდან და ესტონეთიდან ჯარების გაყვანა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტის კომუნიკეს იმ პუნქტის ანულირება, რომლის თანახმადაც უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრი.

"ჩვენ ერთმანეთს უნდა ვესაუბროთ, რაც ნიშნავს რუსეთის მიერ წამოყენებული მოთხოვნების განხილვას," - თქვა ლამბრეხტმა ვიზიტისას, "მაგრამ რუსეთი ნატოს წევრებს პოზიციებს ვერ უკარნახებს და ეს ძალიან მკაფიოდ უნდა ითქვას."

მოგვიანებით ტვიტერზე ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა დაწერა: "ჩვენ მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ რუსეთს არ აქვს უფლება ნატოს წევრებს უთხრას როგორ მოიქცნენ."  

 

 

მსგავსი სიახლეები