ისრაელი: აშშ ირანის რევოლუციის გუშაგებს ტერორისტების სიიდან არ ამოიღებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი აცხადებს, რომ აშშ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგების კორპუსს (IRGC) ტერორისტების სიიდან არ ამოიღებს.
„მივესალმები აშშ-ს გადაწყვეტილებას, დატოვოს IRGC უცხოელი ტერორისტების სიაში - მათი ადგილი სწორედ იქ არის“, - ამბობს ბენეტი.
ბენეტის თქმით, აშშ-ს პოზიციის შესახებ მას გასულ თვეში აშშ-ს პრეზიდენტმა აცნობა.
გამოცემა Politico-ს თანახმად, ამერიკის და ისრაელის ლიდერებმა 24 აპრილს ისაუბრეს.
თეთრი სახლი ინფორმაციის დადასტურებაზე უარს ამბობს.
„მოლაპარაკებები საჯაროდ არ მიმდინარეობს, ასევე არ ვისაუბრებთ იმ სანქციებზე, რომლებიც ბირთვული ხელშეკრულების ფარგლებში ირანს შეიძლება მოვუხსნათ“, - განაცხადა აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს პრეს-სპიკერმა.
ირანის ელიტური სამხედრო დაჯგუფების ტერორისტების „შავი სიიდან“ ამოღება თეირანის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომელსაც ის ვაშინგტონს ბირთვული მოლაპარაკებების ფარგლებში უყენებს.
ბირთვული შეთანხმება, რომელიც თეირანის ატომური ამბიციების შეზღუდვას ისახავდა მიზნად, ირანისთვის საერთაშორისო სანქციების მოხსნის სანაცვლოდ 2015 წელს გაფორმდა აშშ-ს, ირანს, რუსეთს, ჩინეთს, გერმანიასა და საფრანგეთს შორის.
2018 წელს პრეზიდენტმა ტრამპმა ხელშეკრულება ცალმხრივად დატოვა. ბაიდენის ადმინისტრაცია შეთანხმებაში დაბრუნებას ცდილობს, თუმცა ირანისთვის ბირთვული კონტროლის უფრო მკაცრი მექანიზმების დაწესებას ითხოვს.